მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ბორდოს ქომაგებმა ზურიკო გამოარჩიეს
„ბორდოს“ ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი „კაენთან“ გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ჟირონდელთა შემტევი „ბორდოს“ გულშემატკივრებმა გამოარჩიეს და გამოკითხვა webgirondins-მა ჩაატარა.
ზურიკომ ხმების უმრავლესობა მიიღო და გრეგერსენს, პუსინს, მვანგასა და ბარბეტს აჯობა. ქართველ ფეხბურთელს მხარი გამოკითხულთა 45 პროცენტმა დაუჭირა და ზურიკომ მეორეადგილოსან გრეგერსენს 14 პროცენტით გაუსწრო.
შეგახსენებთ, რომ „ბორდომ“ „კაენი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და შეხვედრის ერთადერთი გოლი ზურიკოს ანგარიშზეა. დავითაშვილმა მაიას გადაცემით ისარგებლა და საკუთარი გუნდი მე-16 წუთზე დააწინაურა. ზურიკომ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 93-ე წუთზე შეცვალეს.
გეტყვით იმასაც, რომ ჟირონდელებს 65 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას იკავებენ. „ბორდო“ გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ 3 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩი 13 მაისს, „ქუევილი რუენის“ წინააღმდეგ ელის, რომელიც მე-8 ადგილს იკავებს.