სკუდეტოს მოგებისთვის ბონუსს მიიღებენ | რა თანხა გადაეცემათ ნაპოლის მოთამაშეებს?
„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი სიტყვის გატეხვას არ აპირებს და სკუდეტოს მოგებისთვის ფეხბურთელებს ბონუსებს დაურიგებს. La Repubblica-ს ინფორმაციით, დე ლაურენტისმა გუნდის კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოს პირობა მისცა, რომ გუნდისთვის ბონუსს გამოჰყოფდა და „პარტენოპეის“ ფეხბურთელებს თანხას უახლოეს კვირებში გადასცემენ.
იტალიური გამოცემის მიხედვით, 33-წლიანი ლოდინის დასრულების ბონუსი 3.5 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება. აღნიშნული თანხა გუნდზე გადანაწილდება და 25 ფეხბურთელი თანაბარ რაოდენობას მიიღებს. La Repubblica-ს ცნობით, პრაქტიკულად გამორიცხულია, თანხის ოდენობა შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი მესამედ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა, ამაში კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა შეიტანა. ხვიჩამ, „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 33 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან, ქართველმა შემტევმა სამი თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა.
სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და „ნაპოლის“ 83 ქულა აქვს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 14 მაისს გამართავს და სტუმრად „მონცას“ დაუპირისპირდება.