რეკორდული წინადადება საუდის არაბეთიდან | მესის 600 მილიონს სთავაზობენ
„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის სამომავლო გეგმებზე საუბარი აქტიურად გრძელდება. ამჯერად, „ლა პულგაზე“ გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა დაწერა და განაცხადა, რომ მას ასტრონომიული წინადადებით მიმართეს.
ფრანგული გამოცემის მიხედვით, მესიმ შეთავაზება საუდის არაბეთიდან მიიღო. კონკრეტული კლუბი არ სახელდება, მაგრამ ირკვევა, რომ ლეოს 2-წლიან ხელშეკრულებას ჰპირდებიან და მისი ჯამური ანაზღაურება 600 მილიონი ევრო იქნება. L’Equipe-ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, როცა მესი საუდის არაბეთში კლუბის დაუკითხავად გაემგზავრა, ერთ-ერთი სასაუბრო თემა სწორედ ეს იყო.
ფრანგული გამოცემა „ბარსელონაში“ დაბრუნებაზეც წერს და აცხადებს, რომ ამის შანსი ძალიან მცირეა. კატალონიელებს ფინანსური პრობლემები აქვთ და არგენტინელი ფეხბურთელის გასაფორმებლად საჭირო რესურსის გამონახვა გაუჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, მესის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. „ლა პულგა“ გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და ამ ეტაპზე, სამი ვარიანტი განიხილება - საუდის არაბეთში გადასვლა, „ბარსელონაში“ დაბრუნება, MLS-ში, „ინტერ მაიამიში“ წასვლა.