„მივცეთ მას 10 ნომერი“ - ალესანდრო ბარბანომ ხვიჩაზე ისაუბრა
Corriere dello Sport-ის რედაქტორის მოადგილემ, ალესანდრო ბარბანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი აზრით, მარადონასა და კვარაცხელიას საერთო თვისებები არ აქვთ, თუმცა ქართველი ფეხბურთელი 10-ნომრიანი მაისურით თამაშს იმსახურებს. მოგეხსენებათ, მარადონასადმი პატივისცემის ნიშნად „ნაპოლიმ“ 10-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო, თუმცა ბარბანოს აზრით, ხვიჩას 10-ნომრიანი მაისური უნდა მისცენ.
„მოდით, „ნაპოლის“ 10-ნომრიანი მაისური ხვიჩა კვარაცხელიას მივცეთ. კვარაცხელიას მარადონასთან საერთო არაფერი აქვს, არც ფიზიკური მომზადება, არც მარცხენა ფეხი, არც თამაშის სტილი, არც ხასიათი, მაგრამ ხვიჩა სრულიად განსხვავებულ გზაზეა, რომელიც ქალაქის სულში აღწევს, ის ნეაპოლელთა სილამაზის სახეა.
ათნომრიანი მაისურით მას იმის მიხვედრის შესაძლებლობას მივცემთ, რომ მასთან კონტრაქტის გაფორმება შესაძლოა ისეთივე ძვირფასი იყოს, როგორც ქორწინების ბეჭედი“.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე პასების რაოდენობით იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ქართველმა გარემარბმა „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ვიქტორ ოსიმენთან ერთად გუნდის მაღალ შედეგიანობას განაპირობებდა.