ღუდუშაურის უხეშობა, ვანდერსონ სილვას ლამაზი გოლი | დინამო ბათუმის მარცხი დილასთან
Crystalbet ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი „ბათუმი არენაზე“ გაიმართა, სადაც გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, „დინამო ბათუმი“ გორის „დილას“ დაუპირისპირდა. გია გეგუჩაძის გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა და საკუთარ კედლებში 0:2 წააგო.
შეხვედრის დაწყებამდე, ჯოვინო ფლამარიონს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, საუკეთესო ლეგიონერის, საუკეთესო ბომბარდირისა და მიმდინარე სეზონის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოები გადასცეს. ბათუმელთა თავკაცი, გია გეგუჩაძე კი პირველი წრის საუკეთესო მთავარ მწვრთნელად დაასახელეს.
მატჩს რაც შეეხება, აჭარელმა გულშემატკივრებმა ძალიან უხეში შეხვედრა იხილეს, რომლის პირველმა ტაიმმაც მომენტების გარეშე ჩაიარა. 58-ე წუთზე, „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელმა, პაატა ღუდუშაურმა ნიკა გაგნიძეზე იუხეშა და მსაჯისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა, თუმცა მომენტის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, გიორგი ავაზაშვილმა მას წითელი ბარათი უჩვენა.
რიცხობრივი უპირატესობის მოპოვების შემდეგ, „დილამ“ ანგარიშიც გახსნა. 68-ე წუთზე, ვანდერსონ სილვამ ლამაზი გოლი გაიტანა და ბათუმელთა კარი შორეული დარტყმით აიღო. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კოვტალიუკმა დააფიქსირა, რომელმაც გეილის გადაცემით ისარგებლა და გორელთა უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა.
ამრიგად, „დილამ“ ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო და ანდრეი დემჩენკომ გია გეგუჩაძე სტუმრად პირველად დაამარცხა. „დილას“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილს იკავებს. „დინამო ბათუმი“ კვლავინდებურად პირველზეა და 25 ქულა აქვს, თუმცა „დინამო თბილისს“ გამარჯვების შემთხვევაში, კონკურენტის ჩამოტოვება შეეძლება.