მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ეს არაფერია, მშენებლობაზე უფრო ვრისკავდი“ - დვალიშვილი ნეაპოლში გადაღებულ ვიდეოზე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა MMA Junkie-ის ინტერვიუ მისცა და ბევრ თემაზე ისაუბრა. „მანქანამ“ მომდევნო მეტოქესთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ნეაპოლში გადაღებულ ვიდეოზეც ილაპარაკა, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

„უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბი შემომთავაზეს, მაგრამ ტრავმირებული ვიყავი და ხელის ტრავმა ბოლომდე ჯერაც არ მომირჩენია. იანთან ნატკენი ხელით ვიჩხუბე და 13 მაისს უმართან ბრძოლას ვერ დავთანხმდებოდი. ხელის ტრავმის მოშუშებას ვერ მოვასწრებდი და თან, ალჯამეინ სტერლინგს სეხუდოსთან ბრძოლისთვის მომზადებაში ვეხმარებოდი. უმარს პატივს ვცემ, მაგრამ რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს და UFC-ში მხოლოდ 4 ბრძოლა აქვს გამართული. ის კარგი მებრძოლია, მაგრამ მეტი უნდა გააკეთოს, რათა პირველ ნომერთან ჩხუბი დაიმსახუროს, რომელსაც ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს.

ალჯოსა და სეხუდოს დაპირისპირების შემდეგ, ოქტაგონზე გასასვლელად მზად ვიქნები. თუ ღირსეულ მეტოქეს მიპოვნიან, როგორიც კორი სენდჰეგენია, აუცილებლად ვიჩხუბებ. მირჩევნია, მაღალი დონის მოწინააღმდეგეს დაველოდო და ტოპ 5-ის მებრძოლს შევხვდე. მითხრეს, რომ სენდჰეგენს ტრავმა აქვს და მირჩევნია, მას დაველოდო. კორისთან სიამოვნებით ვიჩხუბებ, რადგან კარგი ბიჭი და შესანიშნავი მებრძოლია.

ჩემს ვიდეოს რაც შეეხება, როცა ნეაპოლში ჩავედი და სასტუმროს ნომერში შევედი, აღმოვაჩინე, რომ ჩემი აივნიდან ძალიან ლამაზი ხედი იშლებოდა, თუმცა ფოტოს გადაღება რთული იყო, რადგან აივნის გამო, სივრცე არ გვყოფნიდა, მთლიანი ხედი გამოჩენილიყო. აივნიდან გადავედი და ჩემს მეგობარს დავუძახე ჩემთვის ფოტო გადაეღო. იქ იმიტომ ვიდექი, რომ ფოტოს გადაღება მინდოდა და ამაში სახიფათო არაფერია. ატრაქციონები არ მიყვარს და ვერტმფრენიდან პარაშუტითაც არ გადმოვხტები, მაგრამ კარგი ბალანსი მაქვს და სახიფათო არაფერი ყოფილა. ვერტმფრენებსა და სხვა სიგიჟეებს არ ვენდობი, მაგრამ ჩემი თავის მჯერა და არც ისეთი გიჟი ვარ... გამოწვევებთან გამკლავება მიყვარს და მშენებლობაზე მუშაობისას, როცა სახლებს ვაშენებდი, იძულებული ვიყავი, გამერისკა და სიმაღლეზე მემუშავა. მერწმუნეთ, მაშინ უფრო ვრისკავდი და უფრო სახიფათო მდგომარეობაში ვიყავი, ვიდრე ახლა. ეს არაფერია. ჩემზე არ ინერვიულოთ“.

შეგახსენებთ, რომ მერაბს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 გამარჯვებაა. „მანქანამ“ ბოლოს პიოტრ იანთან იჩხუბა და მისი დამარცხების შემდეგ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირდაპირ ეთერში ატირდა - სპალეტიმ ტიტული გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა
პირდაპირ ეთერში ატირდა - სპალეტიმ ტიტული გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა