„ნაპოლიმ მათ შენარჩუნებაზე უნდა იმუშავოს“ - ლონგი ხვიჩასა და ოსიმენზე
იტალიელმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ბრუნო ლონგიმ Radio Sportiva-სთან საუბარში აღნიშნა, რომ სეზონის დაწყებამდე იტალიური კლუბების ასეთ ევროსეზონს ვერ წარმოიდგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „მილანი“ და „ინტერი“ ფავორიტები არ არიან, ერთი იტალიური კლუბი ფინალში აუცილებლად გავა, რაც ბოლოს 2016-17 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდება.
ბრუნო ლონგი: „თუ „ინტერი“ ან „მილანი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, გამარჯვებული კლუბი ფეხბურთელებისთვის ძალიან მიმზიდველი გახდება, მაგრამ მბაპესა თუ ჰოლანდის მსგავსი დონის ფეხბურთელები შეთავაზებას რთულად მიიღებენ ეკონომიკური თვალსაზრისიდან გამომდინარე“.
ბრუნოს აზრით, „ნაპოლიმ“ კვარაცხელიასა და ოსიმენის შენარჩუნებაზე უნდა იმუშავოს, თუმცა ეს მარტივი საქმე არ იქნება.
„სეზონის დაწყებამდე იტალიური კლუბების ასეთი ევროსეზონის ფსონზე ერთ ცენტსაც არ დავდებდი. ჩვენმა კლუბებმა უნდა იმუშავონ ოსიმენსა თუ კვარაცხელიაზე, მათ შენარჩუნებაზე, თუმცა ისინი მომავალში იტალიას აუცილებლად დატოვებენ, რადგან სერია ა-ს კლუბები ისეთ წინადადებებს ვერ შესთავაზებენ, როგორი წინადადების გაკეთებაც „ბაიერნსა“ თუ „რეალს“ შეუძლიათ“.
„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია დაახლოებით 10 მილიონ ევროდ დაიმატა. ამჟამად, როცა „ნაპოლი“ სკუდეტოს მოპოვებასთან ძალიან ახლოსაა, 22 წლის ქართველი ტალანტის სატრანსფერო თანხა Transfermarkt-ის მონაცემებით 85 მილიონ ევროს შეადგენს.
კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა.