ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ბორდომ ვალანსიენი დაამარცხა

საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურში „ვალანსიენი“ შინ „ბორდოსთან“ 0:2 დამარცხდა. ანგარიში 69-ე წუთზე იოან ბარბემ საჯარიმო დარტყმიდან გახსნა. 82-ე წუთზე ჯოშ მაჯამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჟირონდული კლუბის სასტარტოში ზურიკო დავითაშვილი ზედიზედ მეორედ მოხვდა, სასტარტოს გასულ ტურში დაუბრუნდა, როცა „გრენობლისთან“ მატჩში თავი გოლით გამოიჩინა. დღევანდელ შეხვედრაში შეტევა რამდენჯერმე გაამწვავა, 81-ე წუთზე შეცვალეს.

Sofascore-მა დავითაშვილს 7,1 დაუწერა, „ბორდოს“ შეტევის ხაზში მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ ცვლილებაზე გამოსულმა დილანე ბაკვამ მიიღო (7,3), რომელმაც მეორე გოლისას საგოლე პასი შეასრულა.

დავითაშვილმა მინდორზე 12-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო, საჰაერო ორთაბრძოლა მხოლოდ ერთხელ ჰქონდა და გამარჯვებული გამოვიდა. 21 პასი შეასრულა, მათგან 16 ზუსტი იყო (76 პროცენტი).

22 წლის ზურიკო დავითაშვილმა, რომლის სატრანსფერო თანხა Transfermarkt-ის მონაცემებით 2 მილიონი ევროა, ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა (18 სასტარტოში), 3 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა.

ლიგა 2-ს „ლე ავრი“ 68 ქულით ლიდერობს, „ბორდოს“ ანგარიშზე 62 ქულაა, მესამე პოზიციას 59 ქულით გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ იკავებს. 34-ე ტურში „ბორდო“ „კაენს“ მიიღებს (6 მაისი), „მეცი“ „ნიორს“ ესტუმრება (6 მაისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები