სამტრედიამ თელავში ბოლო წუთზე მოიგო | ბათუმის დინამო ლიდერობას იმტკიცებს
დღეს, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-10 ტურის 3 შეხვედრა გაიმართა.
ზესტაფონში წყალტუბოს სამგურალმა „გაგრას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
გოლის ავტორი გიორგი ნიქაბაძე გახდა, რომელმაც ჯერ მე-19 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი მეორე ტაიმში შეცდომა გამოასწორა და 78-ე წუთზე ომარ პატარკაციშვილის პასის შემდეგ, მეორე მცდელობიდან შეძლო და ანგარიში გახსნა.
მასპინძლებმა მეტოქეს აშკარად აჯობეს და გარდა გოლისა, რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც შექმნეს, თუმცა მეტის გატანა ვერ შეძლეს.
წყალტუბოელებმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-4 შეხვედრა მოიგეს. „სამგურალი“ ამ გამარჯვების შემდეგ, სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს. რაც შეეხება „გაგრას“, ისინი 8 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან.
მე-10 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ბათუმში შედგა, სადაც ქობულეთის „შუქურამ“ ანგისას ბაზაზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
მატჩში ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა, ანგარიში კი 39-ე წუთზე გაიხსნა. ჯოვინო ფლამარიონი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ლამაზი მოძრაობებით 4 მეურვეს დაუსხლტა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ეს მისი მე-7 გოლი იყო.
მეორე ტაიმი „შუქურას“ გოლით დაიწყო. ხარატიშვილმა ბანტუ წააქცია, არბიტრმა კი თერთმეტმეტრიანისკენ მიუთითა. დარტყმა ზუსტად ფაცაციამ შეასრულა.
ბათუმელებმა წინ გასვლა 68-ე წუთზე შეძლეს. ვლადიმერ მამუჩაშვილის ჩაწოდების შემდეგ, გიორგი ზარიამ თავისიანები წინ გაიყვანა.
82-ე წუთზე შეხვედრას წერტილი თორნიკე კაპანაძემ დაუსვა, რომელმაც ერთი-ერთზე ზუსტად დაარტყა და - 3:1.
10 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდს 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ბათუმელები თბილისის „დინამოს“ 4 ქულით უსწრებენ. მომდევნო ტურში კი 30 აპრილს სტუმრად „საბურთალოს“ დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება მესამე შეხვედრას, „თელავმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა. აუტსადერთა მატჩი სტუმრების დრამატული გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
თელავი უპირატესობას მთელი შეხვედრა ფლობდა, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. 96-ე წუთზე კი ნოზაძის მიუტევებელი შეცდომით ხაიბულავემა ისარგებლა და მეკარეს თავზე გადაუგდო - 0:1.
10 ტურის შემდეგ „თელავს“ 6 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ 7 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.