ზედიზედ მეორედ სასტარტოში | კარლსრუეს გოლში წვლილი ბუდუმაც შეიტანა
„კარლსრუეს“ ქართველმა ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ იასპარეზა. 29 წლის თავდამსხმელი სასტარტოში „დარმშტადტთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში გამოჩნდა და მისი გუნდი 1:2 დამარცხდა.
მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა. ზივზივაძის წარმატებული პრესინგის გამო, „დარმშტადტმა“ ბურთი დაკარგა, „კარლსრუემ“ კი შეტევა წამოიწყო, რომელიც ფაბიან შლეიზენერმა დააგვირგვინა. მასპინძლებმა ანგარიში 26-ე წუთზე, მანუს გოლით გაათანაბრეს, 51-ზე კი ტიტცმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.
ზივზივაძემ მოედანზე 61 წუთი გაატარა და კარგი მატჩი არ ჰქონია. ბუდუ ბურთს 21-ჯერ შეეხო, 8 ზუსტი პასი გააკეთა, 9 დაკარგვა ჰქონდა, ერთი დარტყმა დაუბლოკეს და 7-დან 2 საჰაერო დუელი მოიგო. Sofascore-მა და Whoscored-მა ზივზივაძის თამაში ერთნაირად, 6.1 ქულით შეაფასეს.
ცნობისთვის, „კარლსრუეს“ 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციას იკავებს. „ლურჯები“ მომდევნო შეხვედრას 30 აპრილს გამართავენ და მეოთხეადგილოსან „დიუსელდორფს“ დაუპირისპირდებიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს