ვალენსიას მე-16 მარცხი - ღამურებს მამარდამაც ვერ უშველა
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „სევილიას“ დაუპირისპირდა და უშანსოდ, 0:2 დამარცხდა.
ქართველი მეკარე ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეხვედრა 1 სეივით დაასრულა. მამარდაშვილმა ერთადერთი მოგერიება მე-10 წუთზე შემოგვთავაზა, როდესაც საკუთარ საჯარიმოში ოკამპოსს დასწრებაზე აჯობა და საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა.
სტუმრებმა ანგარიში 55-ე წუთზე გახსნეს. მამარდაშვილის კარში გოლი ბადემ გაიტანა, თუმცა გამეორებაზე კარგად ჩანს, რომ ფრანგმა მცველმა „ვალენსიას“ ფეხბურთელის წინააღმდეგ იუხეშა, თუმცა VAR-მა ეპიზოდში წესების დარღვევა ვერ დაინახა და შედეგად, „სევილია“ დაწინაურდა.
ქართველი მეკარის კარში მეორე გოლი 75-ე წუთზე გავიდა. საჯარიმოს მისადგომებთან სევილიელების მიერ გათამაშებული ბურთი მამარდაშვილის კარისკენ სუსომ შორეული დარტყმით გადაგზავნა და ქართველ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
მასპინძლებისთვის მდგომარეობა 84-ე წუთზე დამძიმდა, როდესაც მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ბრაიან ხილზე უხეშობის გამო მოედნიდან ილაიშ მორიბა გააძევა.
დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და ვალენსიელებმა სეზონში მე-16 მარცხი იწვნიეს.
29 ტურის შემდეგ, რუბენ ბარახას გუნდი 27 ქულით მე-18 ადგილს იკავებს და კვლავ გასავარდნ ზონაში იმყოფება. „ვალენსიას“ აუთსაიდერობიდან თავის დასაღწევად 3 ქულა სჭირდება. მის წინ მყოფი გუნდი კი „ალმერიაა“, რომელსაც 30 ქულა აქვს.
„ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 23 აპრილს, სტუმრად „ელჩეს“ წინააღმდეგ გამართავენ.