ოსიმენი დაბრუნდა, ხვიჩამ ცვლილებაზე ითამაშა - ნაპოლიმ ვერონასთან ქულები დაკარგა
იტალიის სერია ა-ს 30-ე ტურში „ნაპოლიმ“ „დიეგო მარადონაზე“ ჰელას „ვერონას“ უმასპინძლა. შეხვედრა 0:0 დასრულდა. „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შედარებით მცირე სათამაშო დრო დაუთმო, თადარიგში დატოვა და თამაშში 64-ე წუთზე ჩართო.
ხვიჩა ბურთს 21-ჯერ შეეხო, 12 პასი შეასრულა და ყველა ზუსტი იყო. ასევე, დრიბლინგის ორივე მცდელობა წარმატებული გამოვიდა. მის წინააღმდეგ თამაშის წესი ორჯერ დაირღვა.

ლუჩანო სპალეტის გადაწყვეტილება ლოგიკურია, აქცენტს ჩემპიონთა ლიგაზე აკეთებს. ჰელას „ვერონასთან“ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე სპალეტიმ აღნიშნა, რომ შესაძლოა კვარაცხელიას სასტარტოში არ ეთამაშა:„შესაძლოა, კვარაცხელიამ სკამიდან დაიწყოს. არის შანსი, ხვალ სათამაშო დრო შევუმციროთ ან ასე არ გავაკეთოთ. ვნახოთ, რა მოხდება“.
ქართველი გარემარბის მსგავსად ვიქტორ ოსიმენიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა, „ნაპოლის“ ქომაგებისთვის სასიხარულო ფაქტია, რომ ნიგერიელი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნდა, 73-ე წუთზე რასპადორი შეცვალა.
30 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ აქტივში 75 ქულაა, მეორე ადგილს რომის „ლაციო“ 61 ქულით იკავებს, გუნდებს შორის 14 ქულაა სხვაობა. მათ „რომა“ და „მილანი“ მოჰყვებიან, 53-53 ქულით.
შეგახსენებთ, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე „მილანმა“ შინ „ნაპოლი“ 1:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ვიქტორ ოსიმენს არ უთამაშია, თუმცა „დიეგო მარადონაზე“ მისი თამაში გადაწყვეტილია. საპასუხო დაპირისპირება 18 აპრილს გაიმართება.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 26 მატჩში 12 გოლი შეაგდო. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 34 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.