ხვიჩა კვარაცხელია, ალესანდრო დელ პიერო
Aa
Aa

„ფანტასტიკურად თამაშობს“ - დელ პიერომ კვარა შეაქო და ნაპოლი გააფრთხილა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ალესანდრო დელ პიერო სატელევიზიო გადაცემის, CBS Sports Golazo-ს სტუმარი იყო და ხვიჩა კვარაცხელიაზე და „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა. დელ პიერომ გადაცემის წამყვანებს, ჯეიმი კარაგერს, ტიერი ანრის, მაიკა რიჩარდსსა და კეიტ აბდოს აუხსნა, „კვარა“ „პარტენოპეისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი რატომაა და განაცხადა, რომ ნეაპოლელებს რთული გამოწვევა ელით.

„ფანტასტიკურად თამაშობს. მოედანზე ყოფნისას ზედმეტი ფიქრებისგან თავისუფალია, მაქსიმუმს აკეთებს და აჩვენებს. კრეატიულობა, სისწრაფე და ძალა აქვს და აკეთებს იმას, რაც გგონიათ, რომ მის შესაძლებლობებს აღემატება. ეს განპირობებულია იმით, რომ ნაპოლი განსაკუთრებულ „საპნის ბუშტში“ ცხოვრობს და ყველა ფეხბურთელი ბრწყინვალედ თამაშობს.

რამდენიმე კვირის წინ, ლუჩანო სპალეტიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ყველა ფეხბურთელი და კლუბის თითოეული წარმომადგენელი ერთ მიზანზეა ორიენტირებული. ეს სწორედ ის მიზეზია, რის გამოც, პარტენოპეი მაგრად თამაშობს, სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს და ყველა მეტოქეს 4-5 გოლს უტანს.

ნაპოლის ერთადერთი პრობლემა აქვს, პარტენოპეის იტალიური კლუბის წინააღმდეგ უწევს თამაში. როცა ნაპოლის პირველად ხვდები, მათთან გამართულმა მატჩმა შესაძლოა, შენი გაოცება გამოიწვიოს და ჩემი აზრით, ბევრი გუნდის შემთხვევაში, ზუსტად ეს მოხდა. მაგრამ მილანთან და ინტერთან მიმართებით, რომლებიც პარტენოპეის პირველად არ ეთამაშებიან, ყველაფერი სხვანაირადაა და მათ იციან, რა ცვლილებების გატარებაა საჭირო.

ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას, როცა მაღალ დონეზე უნდა ითამაშო და რაღაც განსხვავებული და ახალი აჩვენო. დღეს, მანჩესტერ სიტისგან და ერლინგ ჰოლანდისგან სწორედ ეს ვიხილეთ. თუ სიახლე არ გააჩინე, კვარაცხელიასა და ოსიმენის იმედად დარჩები და გოლის გატანის მხოლოდ 2-3 გზა გექნება. წარმატების მისაღწევად სხვა იარაღის დამატებაა საჭირო. მაგალითად, ბაიერნის წინააღმდეგ სიტის არსენალში როდრი გამოჩნდა. ჩემი აზრით, ნაპოლის რთული დაპირისპირება ელის და მილანთან 0:4 წაგებული მატჩიც არ უნდა დაგვავიწყდეს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება დღეს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა 18 აპრილსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ვერ ვხედავ“ - დი ნაპოლი კვარაზე
„ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ვერ ვხედავ“ - დი ნაპოლი კვარაზე