„ერთმანეთთან არ გვაჩხუბო“ | კიურასაოს ფეხბურთელმა მესის 23 მაისური სთხოვა
არგენტინის ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა და კიურასაოს ეროვნული გუნდი 7:0 დაამარცხა. შეხვედრის დაწყებამდე, კიურასაოს ფეხბურთელმა, კუკო მარტინამ განცხადება გაავრცელა და „ალბისელესტეს“ სუპერვარსკვლავს, ლიონელ მესის 23 10-ნომრიანი მაისური სთხოვა.
„მესისთვის შეტყობინება მაქვს! ჩვენს გუნდში 20-ზე მეტი ფეხბურთელი ირიცხება და გთხოვთ, ლეოს 23 მაისური გვაჩუქეთ. მესის მხოლოდ ერთი მაისური რომ მივიღოთ, ერთმანეთთან ვიჩხუბებთ და ეს არ გვინდა“, - განაცხადა კუკო მარტინამ.
საინტერესოა, რომ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, ამ საკითხზე კომენტარი კიურასაოს თავკაცმა, რემკო ბისენტინიმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ლეოს მაისურზე უარს ისიც არ იტყოდა: „ვფიქრობ, მატჩის შემდეგ, მესი თავის მაისურს მე მომცემს. ჩვენი ნაკრების ყველა ფეხბურთელი ბედნიერია, რადგან თამაშობს გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე ჰყავს“.
მატჩის დასრულების შემდეგ, „ლა პულგამ“ საკუთარი მაისური კიურასაოს მეკარეს, ელოი რუმს უსახსოვრა, რამაც იგი ძალიან გააბედნიერა. „მესიმ მითხრა, რომ რამდენიმე ბრწყინვალე სეივი შევასრულე. ამ მაისურს არასდროს გავიხდი და მასთან ერთად დავიძინებ“, - განაცხადა რუმმა BT Sport-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მესისთვის კიურასაოსთან გამართული მატჩი ისტორიული გამოდგა. ლეომ არგენტინის ნაკრების მაისურით მე-100, 101-ე და 102-ე გოლი გაიტანა და მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც სანაკრებო დონეზე მეტოქეთა კარი მინიმუმ 100-ჯერ აქვს აღებული. ლეომ კრიშტიანუ რონალდუსა და ალი დაეის მიღწევა გაიმეორა.