გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„კიდევ კარგი ვალენსიას კარში მამარდა დგას“ - რას წერს ესპანური გამოცემა გიორგიზე

ცნობილმა ესპანურმა გაზეთმა, Superdeporte-მ „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. Superdeporte „მამარდას“ მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენებ თამაშს ეხმაურება და გვაუწყებს, რომ „ღამურებმა“ 7 ქულა უშუალოდ მისი წყალობით აიღეს.

„გიორგი მამარდაშვილს საოცარი სეზონი არ აქვს, მაგრამ ვალენსიას ყველაზე საიმედო ფეხბურთელი და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი მაინც არის. მიმდინარე სეზონში, მესტალიაზე ბევრი პოზიტიური სიახლე არ ყოფილა და მამარდაშვილი იშვიათ გამონაკლისებს შორისაა. ჯენარო გატუზოს მთავარი მწვრთნელობისას იგი ხელშეუხებელი იყო და ვორო გონსალესისა და რუბენ ბარახას პერიოდშიც არაფერი შეცვლილა. რეალურად, ვალენსიას ყველაზე სტაბილური და უსაფრთხო ხაზი სწორედ მეკარის პოზიციაა და არა დაცვა, ნახევარდაცვა ან შეტევა.

ღამურების სხვა ფეხბურთელების მსგავსად, წარუმატებელი დღეები გიორგისაც ჰქონია და საკუთარ დონესთან შეუსაბამო შეცდომებიც დაუშვია. განსაკუთრებით, საჰაერო ორთაბრძოლებისას და ფეხით თამაშისას. მიუხედავად ამისა, იგი თანაგუნდელებზე უკეთ ასპარეზობს და ლა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში რამდენჯერმე სწორედ ამიტომ მოხვდა. მამარდაშვილის მოგერიებული ბურთების წყალობით, ვალენსია სამარცხვინო მარცხებს გადაურჩა და გამარჯვებებიც მოიპოვა. ღამურებს 26 ქულა აქვთ და 7-ზე გიორგიმ პირდაპირი გავლენა მოახდინა. ეს ბევრი არაა, მაგრამ როცა საუბარი უმაღლეს დივიზიონში დარჩენისთვის მებრძოლ გუნდზე მიდის, მნიშვნელოვანი რაოდენობაა. ვალენსიას სამწუხარო რეალობა ისაა, რომ მამარდას სეივების დიდი ნაწილი ქულებში არ გარდაისახა.

ღამურებს ლა ლიგაში 7 მოგება აქვთ და 3-ზე გიორგიმ პირდაპირი გავლენა მოახდინა. სელტას წინააღმდეგ, მისმა ბრწყინვალე სეივმა, 3 ქულის აღებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მამარდაშვილი ოსასუნასთანაც გადამწყვეტი იყო და კიკე გარსიას აუღო. იგივე მოხდა ბეტისთან, რომელთანაც ქართველმა საკუთარ გუნდს უპირატესობა შეუნარჩუნა და ხუან კრუზის დარტყმა მოიგერია. სანჩეს პისხუანზე, მან სასწაული მოახდინა და რაფა მირს გოლი 2-ჯერ არ გაატანინა.

მეორე მხრივ, მამარდაშვილს არანაირი გავლენა არ მოუხდენია ხირონასთან, ხეტაფესთან, სოსიედადთან და ოსასუნასთან მოგებულ შეხვედრებზე, რომლებშიც მეტოქეებს შანსი თითქმის არ ჰქონიათ. იგივე მოხდა ესპანიოლთან, სოსიედადთან, ალმერიასთან და განსაკუთრებით, ელჩესთან ნათამაშები ფრეებისას. მამარდაშვილმა ელჩესთან ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგაც, ჯენარო გატუზოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ატლეტიკოსთან, ვალიადოლიდთან და ხეტაფესთან გიორგიმ საკუთარი გუნდი გადაარჩინა, მაგრამ ბერენგერის, დარდერისა და რაფინიას გოლებისას მეტის გაკეთება შეეძლო“, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 26-ვე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მის აქტივში 5 მშრალი მატჩია. გარდა ამისა, ესპანეთის თასზე 3-დან ორ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. ასე რომ, საერთო ჯამში ამ სეზონში 7 მშრალი შეხვედრა დააგროვა, რაც აუტსაიდერი გუნდის მეკარისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ იქნება ილიას მომდევნო მეტოქე | ორი ვარიანტი განიხილება
ვინ იქნება ილიას მომდევნო მეტოქე | ორი ვარიანტი განიხილება