„მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია“ - კასანო ხვიჩათი აღფრთოვანებულია
„რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი, ანტონიო კასანო ხვიჩა კვარაცხელიას ქებას განაგრძობს. იტალიელმა შემტევმა „კვარაზე“ Twitch-ის არხზე, Bobo TV-ზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღესდღეობით, ის მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბია.
„ნაპოლიზე საუბრისას ეპითეტების გამოყენებას აზრი აღარ აქვს. პირველ რიგში, აუცილებელია, ლუჩანო სპალეტი გამოვარჩიოთ, რომელმაც ყველა ფეხბურთელს მოამატებინა. ლობოტკა საოცრად თამაშობს და მის გარეშე გუნდი იმ ფეხბურთს ვერ აჩვენებს, რომელსაც შეგვაჩვია. არის თუ არა კიმი მსოფლიოში საუკეთესო მცველი? მასზე წინ მხოლოდ ბაიერნის ორ ცენტრალურ მცველს დავაყენებდი და სამხრეთ კორეელი მსოფლიოს 3-4 საუკეთესო უკანახაზელს შორისაა.
კვარაცხელიას რაც შეეხება, პირადად ჩემთვის, ის მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია. კვარა კომანზე და გრილიშზე ძლიერია. ბარსელონას სასტარტო შემადგენლობაში ის უპრობლემოდ მოხვდებოდა. დღევანდელი კვარაცხელია ფენომენალურია და მინდა, ევროტურნირებზე სტაბილურად ასპარეზობა განაგრძოს. წლეულს, ხვიჩამ ბევრი ისეთი რამ გვანახა, რაც ლოგიკას სცდება. კვარაცხელია ლეაუზე მაგარია და ბევრად მეტი რაღაცის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მილანის ფეხბურთელს“.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში იგი მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (12) და მბალა ნზოლა (12) უსწრებენ. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.