საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რაგბი ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

„ნებისმიერი შეცდომა ძვირად ფასობს“ - როგორ ემზადებიან ბორჯღალოსნები პორტუგალიისთვის

19 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს შეხვდება. შეხვედრა ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გაიმართება, რომელიც პორტუგალიის საზღვართან მდებარეობს.

ბორჯღალოსნები შეხვედრის მასპინძელ ქალაქში 17 მარტს ჩავლენ, გუშინ გამთენიისას კი პორტუგალიაში გაემგზავრნენ, სადაც რამდენიმედღიან მზადებას გაივლიან.

გეგმებთან დაკავშირებით რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდს ლევან მაისაშვილი ესაუბრა:

„ესპანეთი საკმაოდ შორია და შუა კვირაში მგზავრობა პრობლემა იქნებოდა. გართულებების თავიდან ასარიდებლად ერთი კვირით ადრე პორტუგალიაში ჩავალთ, სადაც ესპანეთთან მატჩის წინაც მოვემზადეთ და ძალიან კარგი პირობებია. იქიდან ბადახოსამდე დაახლოებით 250 კილომეტრია და ესპანეთში თამაშამდე 2 დღით ადრე ჩავალთ.

რადგან გასულ კვირაში ტოპ 14-სა და პრო დე2-ში პაუზა იყო, ბიჭებს დასვენების და ძალების აღდგენის საშუალება მივეცით. „შავი ლომის“ იმ მორაგბეებს, რომელთაც განვლილ აქტივობებში ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ, დიდი 10-ში პრაქტიკის მიღების შესაძლებლობა მივეცით“, – აღნიშნავს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ფინალური მატჩის მნიშვნელობაზე კი ამბობს:

ფინალი ერთი თამაშია და თავისი სპეციფიკით გამოირჩევა, რაც მას დაძაბულობას მატებს. აქ ნებისმიერი შეცდომა ძვირად ფასობს და მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. გასათვალისწინებელია ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორები, როგორიცაა ამინდი, მაყურებელი, მსაჯობა და ა.შ. ჩვენი ვალდებულებაც ისაა, რომ თამაში ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოვიგოთ. მართალია პორტუგალიას მსოფლიო თასზეც ვეთამაშებით, მაგრამ იქამდე დიდი დროა. თანაც ეს სატიტულო თამაშია და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. მნიშვნელოვანია, რომ მათაც და ჩვენც დავინახოთ სად არის ქართული რაგბი და სად არიან ისინი. ამ თამაშით პორტუგალიას მსოფლიო თასზე ჩვენთან წარმატების მიღწევის ყველანაირი იმედი უნდა მოვუსპოთ.

ბორჯღალოსნებს პორტუგალიასთან აქამდე 24-ჯერ უთამაშია და მათგან 17-ში გამარჯვება იზეიმა, 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. მეტოქემ ჩვენთან წარმატებას ბოლოს 2005 წელს მიაღწია, მას შემდეგ კი 17-მატჩიანი წაუგებელი სერია (14 მოგება და 3 ფრე) მოგვიგროვდა. მიუხედავად ამისა, მაისაშვილი „ლობუშს“ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე უძლიერეს მეტოქედ მიიჩნევს:

ტრადიციულად, პორტუგალიას სწრაფი, ინდივიდუალისტი ხაზის მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც შანსს თუ მისცემ აუცილებლად გამოიყენებენ. გარდა ამისა, ის ტაქტიკურად სწორად თამაშობს და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ბოლო წლებში ის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დანარჩენ მონაწილე გუნდებზე უდავოდ ძლიერია. ფინალი ესპანეთში, ბადახოსშია, რომელიც ლისაბონთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მადრიდთან და ფაქტობრივად პორტუგალია საკუთარ მოედანზე ითამაშებს, რაც ასევე გასათვალისწინებელი მომენტია.

თუმცა, ესპანეთში გულშემატკივრების ნაკლებობას არც ჩვენ ვუჩივით. ტორელავეგაში, ესპანეთთან მატჩზე, ქართველების ერთი ჯგუფი სხვადასხვა ქალაქებიდან 3 ავტობუსით ჩამოვიდა, იყვნენ სხვა ჯგუფებიც და ახლაც ველით, რომ მათგან მხარდაჭერა არ დაგვაკლდება. პორტუგალია რაგბი ევროპაზე ყველაზე ღირსეული და ძლიერი მოწინააღმდეგეა. ჩვენ მათთან თამაშისთვის მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ და ვეცდებით გულშემატკივრებს მათგან მიღებული ემოცია ჩვენი თამაშით ორმაგად დავუბრუნოთ.

პორტუგალიასთან მატჩზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებმაც ისაუბრეს.

ბექა გორგაძე; ნიკა აბულაძე:

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 19 მარტს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას“ - დვალიშვილი იანის დამარცხების შემდეგ
“დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას“ - დვალიშვილი იანის დამარცხების შემდეგ