ზაფხულში ნებისმიერ შეთავაზებას მოისმენენ - პსჟ ნეიმარის გაყიდვას გეგმავს
ცნობილი გახდა, რომ ნეიმარისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ტრავმა მიიღო და წელს პსჟ-ს ვეღარ დაეხმარება.
თუმცა მისთვის ეს ყველაზე ცუდი ამბავი არ არის. ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზულმა გრანდმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა და ზაფხულში ნებისმიერ სარფიან შემოთავაზებას მოისმენს.
L’EQUIPE-ს ცნობით, თავად ფეხბურთელს საფრანგეთის დედაქალაქიდან აბარგება არ სურს, რადგან თავს კარგად გრძნობს და სხვა გუნდში გადასვლას არ განიხილავს. შეგახსენებთ, რომ 31 წლის შემტევს პსჟ-სთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ იგივე საკითხი ტრიალებდა. ვრცელდებოდა ხმები, რომ „პარი სენ ჟერმენს“ მისი გაყიდვა სურდა და რეალურად ასეც იყო, მაგრამ ნეიმარის დაჟინებული მოთხოვნით კლუბში დარჩა.
დარჩენის შემდეგ, მოლოდინები გამართლა. ბრაზილიელი ფეხბურთელი იმაზე უკეთ ათამაშდა, ვიდრე გასულ სეზონებში. ნობისთვის, ნეიმარმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.