Football Manager-ში გრინდავიკით თამაშობს | გადაწყვიტა კლუბის სანახავად 4 000 კმ გაევლო
ჯეიმს ჰემონდსი ინგლისის ქალაქ სამხრეთ შილდსში ცხოვრობს და ცნობილი ვიდეოთამაშის, Football Manager-ის მოყვარულია. 37 წლის ინგლისელი ვიდეოთამაშში ისლანდიურ „გრინდავიკს“ წვრთნის და კლუბთან ისე დაახლოვდა, გადაწყვიტა, მის მოსანახულებლად ისლანდიაში გამგზავრებულიყო.
ჰემონდსმა თავის შვილთან და მეუღლესთან ერთად, 4 000-ზე მეტი კილომეტრი გაიარა და „გრინდავიკის“ სტადიონსა და საწვრთნელ ბაზას ესტუმრა. „გრინდავიკურფოლურზე“ 1 450 ადამიანი ეტევა და ჯეიმსმა სტუმრობის შესახებ კლუბსაც შეატყობინა. მას „გრინდავიკის“ გენერალური მენეჯერი, ჯონ ჯულიუს კარლსონი დახვდა და მაისური უსახსოვრა.
„ეს ძალიან, ძალიან მოულოდნელი სიურპრიზი იყო. ფოტოები გადავიღეთ და კლუბის ამბიციებზე ვისაუბრეთ, რომ დროა, პირველ დივიზიონში დავწინაურდეთ. ჯონს ვუთხარი, რომ ჩემს სამყაროში ისინი უკვე ისლანდიის უმაღლეს დივიზიონში არიან“.
ცნობისთვის, ისლანდიაში საფეხბურთო სეზონი ჯერ არ დაწყებულა და „გრინდავიკი“ რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს. გასულ სეზონში, კლუბმა 30 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „კოპავოგურს“, რომელიც უმაღლეს დივიზიონში აღზევდა, 16 ქულით ჩამორჩა.