ჰატაისპორი, ბათუმი, ხატია ჭყონია
Aa
Aa

ხატია ჭყონია: “თურქეთში მომხდარის დავიწყებას ვცდილობ“

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ქართული ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ ლანჩხუთური კარიერა დაასრულა და სათამაშოდ თურქეთში, კონკრეტულად კი „ჰატაისპორში“ გადავიდა.

მოგეხსენებათ, თებერვლის დასაწყისში თურქეთში საშინელი სტიქიური მოვლენა 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ერთ-ერთი ეპიცენტრი კი სწორედ ჰატაიში იყო. ხატია ჭყონია პირადად შეესწრო მოვლენებს და თურქეთის დატოვება მოუწია.

ვეტერანი თავდამსხმელი ახლა საქართველოში იმყოფება და საფეხბურთო კარიერას ბათუმში აგრძელებს. ჩვენ ხატიას დავუკავშირდით და ბოლო დროინდელ მოვლენებზე გვესაუბრა.

ჭყონია:

„მინდა გითხრათ, რომ თვითონ ბათუმმა ამირჩია მე. ჩემი პირველი კლუბი საქართველოში სწორედ ბათუმი იყო. ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. ჩვენ ერთად ბევრი საინტერესო და კარგი რაღაც გავაკეთეთ. ახლაც თითქმის იგივე ფეხბურთელები დამხვდნენ და სტაფიც იგივეა. რაღაცები არის შეცვლილი, მაგრამ აქაურობასთან უამრავი სასიამოვნო მოგონება მაქვს და აქ ძალიან კარგი ადამიანები არიან. ძალიან გამიხარდა, რომ შევთანხმდით. ვფიქრობ, შედეგიანი ტრანსფერი გააკეთეს და მათ გამოვადგები. 2023 წელს ბათუმთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევ. ამისთვის კი ერთად ვიბრძოლებთ. საერთო ჯამში, ძალიან გახარებული ვარ.

რაც შეეხება ჰატაიში მომხდარს, ვცდილობ, რომ ეგ ყველაფერი დავივიწყო. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მდგომარეობიდან გამოვიდე და რეალურად თითქმის გამოვედი. არ მინდა მომხდარის დეტალებში გახსენება. იქ კატასტროფა ხდებოდა.. ჩემი მშობლები და ყველა ჩემი ახლობელი მიფრთხილდება. ცდილობენ, რომ თავი კარგად ვიგრძნო, ცდილობენ, რომ დავივიწყო.

იმ მომენტში, კონტაქტზე ვერ გამოვდიოდი, აბსოლუტურად ყველაფერი გათიშული იყო. როდესაც სოციალურ ქსელში შესვლა მოვახერხე ვნახე, რომ მთელი საქართველო ნერვიულობდა. უამრავი პოსტი დაიდო და უამრავი შეტყობინება მივიღე. ჩემი ოჯახიც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით იგებდა. მინდა ამ შემთხვევით ვისარგებლო და დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს. ასევე მადლობა თქვენ, რადგან თქვენს გვერდზეც ვნახე ინფორმაცია ჩემს შესახებ. მადლობა მთელს საქართველოს!!

ვაპირებ თუ არა თურქეთში დაბრუნებას? თუ ისევ შეიკრიბება გუნდი, რა თქმა უნდა, დავბრუნდები. ოღონდ სექტემბერში და არა ახლა. ახლაც ვაპირებდი წასვლას, მაგრამ მშობლების თხოვნით და ასევე მოვლენებიდან გამომდინარე პირობების არ ქონის გამო აღარ წავედი. რეალურად, ფეხბურთელებს გადაწყვეტილი გვქონდა, რომ თუ საჭირო გახდებოდა „ჰატაისპორში“ უხელფასოდაც ვითამაშებდით. ჩვენი მიზანი ჩემპიონატის ჩამთავრება იყო.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ლიგა 11 მარტს დაიწყება. ხატია ჭყონია ბათუმთან ერთად პირველ შეხვედრას სტუმრად სამეგრელოს წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები