„ეს ეპოქის დასასრულია, მოთამაშეებს საჭირო დონე აღარ აქვთ“ - ანრი ლივერპულზე
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით, 2:5 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მერსისაიდული კლუბი მკაცრად გააკრიტიკეს, მათ შორის ერთ-ერთი კი ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, ტიერი ანრიც იყო.
რას ამბობს ანრი:
„ლივერპულმა“ საკმაოდ ბევრი გაუშვა „ბრენტფორდთან“, „ვულვზთან“ და „ბრაიტონთან“, ახლა კი ისეთი დონის გუნდს ეთამაშნენ, როგორიც მადრიდის „რეალია“.
მინდოდა მენახა, თუ როგორ დონეზე იყვნენ ისინი და ვნახე, რომ საკმაოდ მტვრევადი გუნდია. რატომ? ისინი 2:0 ლიდერობდნენ. ეს ზუსტად ისეთი დასაწყისია, როგორსაც მადრიდის „რეალთან“ და სხვა ევროპულ გუნდთან ისურვებ, მაგრამ ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.
ალისონმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ გუნდმა ის არ გადაარჩინა. ტიბოს შემთხვევაში კი პირიქით იყო. „რეალი“ დიდი გუნდია და მათ კურტუას გადარჩენა შეძლეს.
„ლივერპული“ ძალიან რბილი გუნდია და რაღაც საკითხები აუცილებლად უნდა შეიცვალოს. არ ვფიქრობ, რომ იურგენ კლოპი უნდა წავიდეს, მაგრამ ზოგიერთი ფეხბურთელი ვეღარ თამაშობს იმ დონეზე, რომელიც „ლივერპულშია“ საჭირო. ეს საუკეთესოებსაც ემართებათ, მათ შორის მეც... ეპოქის დასასრულია.
გუნდი აშკარად ვეღარ თამაშობს კარგად და ბევრს უშვებენ. ალბათ, ყველას მოგვწონდა რასაც ბოლო პერიოდში აკეთებდნენ, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ეს რთული მომენტია, სახლში ხუთ გოლს უშვებენ და აგებენ.
ვხედავ ლუკა მოდრიჩს, როგორ იღებს თავის ასაკში ბურთს და როგორ არღვევს მოედნის ცენტრს, თითქოს „ლივერპულის“ მოთამაშეები არც არიან მოედანზე... შემდეგ აძლევს პასს ვინისიუსს, რომელიც ბურთს ბენზემას გადასცემს, ის კი მეკარეს ატყუებს და გააქვს...
ახლა „ლივერპული“ არც თუ ისე კარგი გუნდია. მათ სწორად უნდა შეაფასონ ეს მდგომარეობა, რომ სეზონის ბოლომდე თავი საბოლოოდ არ დაკარგონ.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 16 მარტს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.