წავალ თუ არა კვარას წვეულებაზე? - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ
Aa
Aa

წავალ თუ არა კვარას წვეულებაზე? - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „კრემონეზეს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ DAZN-თან განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა სპალეტიმ:

ჩვენი გულშემატკივრები ყოველთვის ყურადღებით გვამყოფებენ, მოდუნების საშუალებას არ გვაძლევენ. ეს გვეხმარება მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებაში. დღეს, პირველ ტაიმში ბურთით თამაშის დროს ოდნავ ვნერვიულობდით. „კრემონეზემ“ თავისი ტაქტიკა კარგად გამოიყენა და რამდენიმე სახიფათო ეპიზოდიც შექმნა. მეორე ტაიმში ხარისხი შედარებით გამოვასწორეთ და ბურთიც დავიჭირეთ. ამან შედეგიც გამოიღო.

გუნდში დიდი რესურსია, პროფესიონალი ფეხბურთელები და ძალიან კარგი ბიჭები არიან. როგორც თამაშებში, ისე ვარჯიშებზე ყველა ბოლომდე იხარჯება და გუნდის დასახმარებლად ნებისმიერ დროს მზად არიან.

ვარჯიშებს საკმაოდ პროდუქტიულად, მაღალ დონეზე ვატარებთ და ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მეტოქეს ყოველთვის რაღაც სიურპრიზი შევთავაზოთ.

მივდივარ თუ არა კვარას დაბადების დღის წვეულებაზე? ბიჭებს Whatsapp-ის საერთო ჯგუფი აქვთ და შუა ღამეს ყველამ მიულოცა დაბადების დღე. მეორე დღეს არავინ დაელოდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს გუნდში არსებულ ატმოსფეროზე. რაც შეეხება წვეულებას, არა მგონია, რადგან ხვალ ვარჯიში გვაქვს.

22 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 59 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს, თუმცა „ნერაძურის“ თავისი 22-ე მატჩი ჯერ გასამართი აქვს.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, სტუმრად „სასუოლოს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გილოცავთ დაბადების დღეს! - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს
გილოცავთ დაბადების დღეს! - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს