ლა ლიგის საუკეთესო მეკარეების დონეზეა - ესპანური გამოცემა მამარდაშვილზე წერს
ესპანურ პრესაში „ვალენსიას“ ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე საუბარი არ წყდება. AS-ის შემდეგ, მას სტატია Deportevalenciano-მ მიუძღვნა და „მამარდას" უწოდა მეკარე, რომელიც აშკარა გოლებს არ უშვებს, მაგრამ ეს ქულების მოსაპოვებლად საკმარისი მაინც არაა.
„გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით, ორი რამის თქმა შეგვიძლია. პირველი - იგი მაღალ დონეზე თამაშობს და მისი ასპარეზობის წყალობით, ვალენსია განადგურებას რამდენჯერმე გადაურჩა. და მეორე - დაცვაში არსებული პრობლემები ქართველ ფეხბურთელს თამაშში ხშირად ჩართვისა და გაბრწყინების საშუალებას აძლევს. მამარდაშვილმა ვალენსიას ნომერ პირველი მეკარის სტატუსი დაიმკვიდრა, მისი რეფლექსები ლა ლიგის საუკეთესო გოლკიპერების დონეზეა და გიორგის სახით, ვალენსიას ეკონომიკური აქტივი ჰყავს, რომლის გამოყენებაც სამომავლოდ შეეძლება.
სამწუხაროა, მამარდაშვილის სეივები ვალენსიას ქულების აღებაში რომ ვერ ეხმარება. ღამურები როგორღაც ახერხებენ, ქულები ხელიდან გაუშვან და ბოლო 6 შეხვედრაში 5 წაგება და 1 ფრე აქვთ. თვალშისაცემი მოგერიებების გარდა, გიორგი სხვა კომპონენტებშიც უმატებს. იგი უფრო და უფრო გაწონასწორებული ხდება და პოზიციას უკეთ არჩევს, თუმცა გრძელ პასებზე მეტი მუშაობა მართებს. მამარდაშვილის სისუსტე პენალტებია. ვალენსიამ თერთმეტმეტრიანების ორი სერია უკვე წააგო და გიორგიმ ვერც ერთი პენალტი ვერ მოიგერია. მოკლედ რომ ვთქვათ, ვალენსიას ბევრი სამუშაო აქვს და ღამურებმა აუცილებლად უნდა მოუმატონ“.
ცნობისთვის, მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 20-ვე ტურში სასტარტოში ითამაშა. კარი მშრალად მხოლოდ სამ შეხვედრაში შეინახა, თუმცა გუნდი გოლისგან ბევრჯერ იხსნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ესპანეთის თასის სამ მატჩში ითამაშა, გოლი ორ შეხვედრაში არ გაუშვია.