„არ ვაპირებ, ყველაზე მძიმე მომენტში მარტო დავტოვო“ - ალვეში ყოფილმა მეუღლემ მოინახულა
MARCA-ს ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დანი ალვეში ციხეში ყოფილმა მეუღლემ, ჟოანა სანსიმ მოინახულა. სანსის მოკლე კომენტარს აღნიშნული წყარო ავრცელებს:
„მე არ ვაპირებ, მარტო დავტოვო ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში“.
ჟოანა სანსი ციხეში დანი ალვეშის მეგობართან, ბრუნო ბრაზილთან ერთად იყო. ბრუნო ბრაზილი დანი ალვეშის უახლოესი მეგობარია, ღამის კლუბში ბრუნო დანისთან ერთად იმყოფებოდა.
გადაცემა El programa de Ana Rosa-ში აღნიშნეს, რომ ვიდრე სანსი ალვეშს მოინახულებდა, მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ალვეში შეხვედრის წინააღმდეგი იყო, თუმცა შემდეგ ვითარება შეიცვალა, ჟოანა სანსიმ ყოფილი მეუღლე ბრუნო ბრაზილთან ერთად მოინახულა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, დანი ალვეშის წინააღმდეგ გაუპატიურების საქმეში, შესაძლოა მტკიცებულებად თეთრი სპორტული ფეხსაცმელი იყოს. ალვეში მომჩივან გოგონასთან კლუბში სექსუალურ ურთიერთობას აღიარებს, მაგრამ უარყოფს ბრალდებებს გაუპატიურების შესახებ. გუშინ, გოგონას ორმა მეგობარმა, რომელმაც ფეხბურთელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, მომხდარის შესახებ მისი ვერსია დაადასტურა. მათი თქმით, დაზარალებული ტუალეტში ფეხბურთელის დაჟინებული თხოვნით შევიდა.
კრისტობალ მარტელი, ალვეშის ადვოკატი, ამტკიცებს, რომ კლუბ სატონის VIP ზონიდან გადაღებული ვიდეოთვალის კადრები ნათლად ჩანს - დანი ჯერ ტუალეტში შევიდა, ხოლო ორი წუთის შემდეგ მომჩივანი გოგონა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ დანის გოგონასთვის არაფერი დაუძალებია. ამ მომენტში სიმართლის დადგენაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს თეთრმა სპორტულმა ფეხსაცმელმა. დაზარალებულის თქმით, ალვეში კარს მიღმა ეგრეთწოდებულ „ბრმა ზონაში“ (კამერებისგან დაფარული) იმყოფებოდა. ამის გამო, როგორც დაზარალებული მიიჩნევს, ის ვიდეოკამერების ჩანაწერებზე არ ჩანს.