უკრაინელი კალათბურთელი თამაშობდა - ტრიბუნებზე სკანდირებდნენ: „რუსეთი, რუსეთი“
„კოლორადო სტეიტ რემსის“ საკალათბურთო გუნდის გულშემატკივრებმა სამარცხვინო ქმედება ჩაიდინეს. გასულ უქმეებზე, მათი გუნდი „იუტა სტეიტ ეჯისს“ დაუპირისპირდა, რომლის რიგებშიც უკრაინელი კალათბურთელი, მაქს შულგა თამაშობს. შეხვედრის მიწურულს, როცა შულგას საჯარიმოები უნდა ესროლა, ტრიბუნებზე მყოფი რამდენიმე გულშემატკივრისგან ასეთი შეძახილები გაისმა: „რუსეთი, რუსეთი, რუსეთი“.
მატჩის დასრულების შემდეგ, „კოლორადო სტეიტმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და შულგას ბოდიში მოუხადა. მათი თქმით, ყოვლად მიუღებელია ის, რაც მოხდა და დამნაშავე სტუდენტები აუცილებლად დაისჯებიან. მომხდარს უკრაინელი კალათბურთელიც გამოეხმაურა და „კოლორადო სტეიტის“ ბოდიში მიიღო.
„ჩემთვის ურთულესი პერიოდი დგას. ჩემი ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ჩემგან შორს იმყოფებიან და ყოველდღიურად, სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან. ვლოცულობ, რომ ეს კონფლიქტი მალე დასრულდეს და ჩემს უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს. იმ მომენტში, ასეთი შეძახილების მოსმენა გამანადგურებელი შეგრძნება იყო, თუმცა, ვიცი, მატჩებისას ემოციების მოთოკვა რა რთულია და ხანდახან ადამიანები იმას ამბობენ, რაც მათი გულიდან არ მოდის. კოლორადო სტეიტმა და მისმა გულშემატკივრებმა ბოდიში მომიხადეს და მათი ბოდიში მივიღე“.
სხვათა შორის, „იუტა სტეიტმა“ მეტოქე 88:79 დაამარცხა და შეძახილების მიუხედავად, შულგამ ბოლო წუთებზე 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.