ხულიან არაუხო ვერ გაიფორმეს - ბარსას 18 წამი არ აპატიეს
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, „ბარსელონა“ „ლოს ანჯელეს გელექსისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ხულიან არაუხოს გადაბირება უნდოდა. „ბლაუგრანამ“ მიზანს მიაღწია და ამერიკული კლუბი დაითანხმა, თუმცა ტრანსფერებისთვის გამოყოფილ დროში ვერ ჩაეტია.
კატალონიელებს არაუხო იჯარის წესით უნდა გადაეყვანათ და მის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გადაეხადათ, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ, მისი გამოსყიდვა 5 მილიონად შეეძლოთ. კლუბს ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტიც შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ მისი დარეგისტრირება 18 წამით დააგვიანდა.
„ბლაუგრანამ“ ფიფას მიმართა, რათა ტრანსფერი დაეხურა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. Mundo Deportivo-ს ცნობით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კატალონიელებს განუცხადა, რომ მათ ტრანსფერი ამჟამინდელი წესების მიხედვით არ განუხორციელებიათ და მისი დადასტურება არ შეიძლება.
შეგახსენებთ, რომ MLS-ის გასულ სეზონში, 21 წლის ფეხბურთელმა მონაწილეობა 40 შეხვედრაში მიიღო. არაუხომ თავი გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.