რატომ შეცვალა ჩვენება 3-ჯერ - ალვეშის ადვოკატის განმარტება
„ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელს, დანი ალვეშს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს და ბრაზილიელი უკანახაზელი პატიმრობაში იმყოფება. დღეს, მისი ადვოკატის კომენტარი გავრცელდა და მან ახსნა, ალვეშმა ჩვენება სამჯერ რატომ შეცვალა.
კრისტობალ მარტელის თქმით, ალვეშს არ სურდა, მის მეუღლეს გაეგო, რომ უღალატა და დაზარალებულთან კავშირი ამიტომ უარყო. ადვოკატის მიხედვით, მიზეზი, რომლის გამოც, მან ჩვენება 3-ჯერ შეცვალა, სწორედ ესაა, თუმცა ბრაზილიელმა ადრე ისიც განაცხადა, რომ კავშირი ურთიერთშეთანხმებით შედგა.
მარტელმა დასძინა, რომ აპელაციაზე მუშაობს, რათა ალვეშმა ციხის დატოვების უფლება მიიღოს. იგი მზადაა, სამართალდამცველებს ყველანაირი გარანტიები წარუდგინოს, რომ ქვეყანას არ დატოვებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება.
შეგახსენებთ, რომ დანი ალვეშს შეიძლება 4-დან 12 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბრაზილიელ ფეხბურთელს გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნობენ. ბრაზილიელი გირაოს გარეშე დააკავეს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ალვეშს საკმარისი ფინანსური რესურსი ჰქონდა იმისთვის, რომ მიმალულიყო.