ბოლტი შოკშია - ანგარიშიდან 12 მილიონი დოლარი მოჰპარეს
ლეგენდარული მძლეოსანი, 8-გზის ოლიმპიური და 11-გზის მსოფლიო ჩემპიონი უსეინ ბოლტი გაძარცვეს. Bloomberg-ის ცნობით, თაღლითებმა იამაიკელ სპრინტერს 12 მილიონი დოლარი მოჰპარეს.
თავდაპირველად კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ იამაიკური საინვესტიციო კომპანია Stocks and Securities (SSL)-ში, ბოლტის ანგარიშიდან მილიონი დოლარის დაკარგვის შესახებ გამოძიება დაიწყო. ბოლტმა ამის შესახებ 11 იანვარს შეიტყო, თუმცა ზუსტი დანაკარგის შესახებ მაშინ არ იცოდნენ.
გამოძიებას ეჭვი კომპანიის ყოფილ თანაშრომელზე ჰქონდა. მოგვიანებით კი ბოლტის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული სპორტსმენის ანგარიშიდან 12 მილიონი დოლარი „გაქრა“. თაღლითმა მას მხოლოდ 12 ათასი დოლარი დაუტოვა.
აღსანიშნავია, რომ ბოლტსა და მის ადვოკატს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოდან არავინ დაკავშირებია. თუ 8 დღის განმავლობაში ასე გაგრძელდა, მათ სასამართლოში ჩივილი მოუწევთ, რადგან კომპანია ვალდებულია ბოლტს კუთვნილი დანაზოგი დაუბრუნოს.
ბოლტი ხსენებულ კომპანიაში საპენსიო დანაზოგს უნახავდა და როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, ამ ამბის შეტყობის შემდეგ ის შოკში იყო.
ბოლოს გეტყვით, რომ Stocks and Securities Limited-ის კლიენტებს შორის ბოლტი პირველი არ არის, ვისაც დანაზოგი ეკარგება. თაღლითური ქმედებების შედეგად 30-ზე მეტი კლიენტის ანგარიშიდან ჯამში 1 მილიარდ დოლარზე მეტია დაკარგული.