მეორე საჩივარიც არ დაკმაყოფილდა - ლევანდოვსკი 3 მატჩს გამოტოვებს
რობერტ ლევანდოვსკის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დროებით მოხსნილი ჰქონდა, რადგან სასამართლომ „ბარსელონას“ გასაჩივრების გამო შემაკავებელი ზომები მიიღო.
დღეს, ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ავტორიტეტული გამოცემა GOAL იუწყება, რომ „ბლაუგრანამ“ სააპელაციო სასამართლო ვერ მოიგო და პოლონელი თავდამსხმელის დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა.
აქედან გამომდინარე, რობერტი „ატლეტიკოს“, „ბეტისის“ და „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ეს კი გუნდისთვის დიდი დარტყმაა, რადგან ვეტერანმა თავდამსხმელმა ლა ლიგაში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლი გაიტანა.
ჩავი ერნანდესს იმედი ჰქონდა, რომ პოლონელი „როხიბლანკოს“ შეუტევდა, მაგრამ ასე არ მოხდა. საინტერესო ის გახლავთ, რომ „ბარსელონას“ კიდევ ერთხელ შეუძლია გასაჩივრება და შესაძლოა სასამართლომ კვლავ შემაკავებელი ზომები მიიღოს, მაგრამ რა მოყვება ამ ყველაფერს არავინ იცის.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის შემტევი „ოსასუნასთან“ მიღებული ორი ყვითელი ბარათის შემდეგ, მოედნიდან გასვლისას გაკეთებული ჟესტის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. პოლონელის ეს ჟესტი ქედმაღლურად და არბიტრის მიმართ უპატივცემულო ქმედებად იქნა აღქმული.