თასის წარდგენა არ მოუთხოვია - მესის გეგმებზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა
არგენტინის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ ლიონელ მესის სურდა, „პარკ დე პრენსზე“ მუნდიალის თასის წარდგენა მომხდარიყო. ცნობილი ფრანგი ჟურნალისტის, არტურ პეროს მიხედვით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
პეროს ცნობით, „ლა პულგას“ „პარი სენ-ჟერმენისთვის“ მსგავსი წინადადებით არ მიუმართავს და რაიმე სახის კონფლიქტის საშიშროებაც არ არსებობს. პარიზული გრანდი მსგავს იდეას არ განიხილავს და დღის წესრიგში საზეიმო ცერემონიის ჩატარება არ დგას.
???? Leo Messi n’a pas demandé au PSG de présenter le trophée de la Coupe du monde au Parc des Princes. Il n’y a aucune discussion en ce sens en interne. ❌???? @ArthurPerrot
— Hadrien Grenier (@hadrien_grenier) December 25, 2022
შეგახსენებთ, რომ Goal-ის თანახმად, მესის სურდა, გულშემატკივრებისთვის საჩემპიონო თასი წარედგინა და ამის შესახებ კლუბს თხოვნითაც მიმართა. „პარი სენ-ჟერმენი“ დადებითი პასუხისგან თავს იკავებდა, რადგან კილიან მბაპეს მკვეთრი რეაქციის ეშინოდა.
ცნობისთვის, ფრანგული ფეხბურთის ფლაგმანს 41 ქულა აქვს და ლიგა 1-ს 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. პარიზელების უშუალო მდევარი „ლანსი“ გახლავთ, რომელიც მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 28 დეკემბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „სტრასბურს“ დაუპირისპირდება.