ოფიციალურად | ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
საფრანგეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს — „სამფეროვნები“ ზინედინ ზიდანმა ჩაიბარა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფილიპ დიალომ შტაბ-ბინაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე ეს ოფიციალურად დაადასტურა.
„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა გაუწყოთ, რომ ზინედინ ზიდანი მომდევნო 4 წლის განმავლობაში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება. ეს პერიოდი მოიცავს ერთა ლიგის, ევრო 2028-ისა და 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებს. კონტრაქტი ძალაში 1-ელ აგვისტოს შევა, ხოლო თავის სამწვრთნელო შტაბს ის სექტემბრის დასაწყისში წარადგენს.
ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში შევხვდი ზიდანს და დავუკავშირდი, რათა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი შეგვეთავაზებინა. მას შემდეგ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, რათა მისი მოსვლა დაგვეგეგმა. ეს იყო ორი სურვილის თანხვედრა. ერთი მხრივ, სურვილი იმისა, რომ ზინედინი ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდაა და მან განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი ოცნება საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნა გახლდათ, ხოლო ფედერაციის მხრიდან — სურვილი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდი ჩაიბაროს ასეთი აურის, კომპეტენციისა და გულშემატკივრებისადმი სიყვარულის მქონე ადამიანმა“, — განაცხადა დიალომ.
ცნობისთვის, ზიდანმა დიდიე დეშამი ჩაანაცვლა, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტს 14 წლის განმავლობაში იკავებდა. დიალომ მას მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატება უსურვა.