MMA-ის ექსპერტი: „პიმბლეტი ილიასთან რომ აჩხუბონ, თოფურიამ შეიძლება მოკლას“
ლუკ ტომასი MMA-ის ანალიტიკოსია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული ტელეარხისთვის, CBS Sports-ისთვის მუშაობს. ახლახან, ტომასმა ილია თოფურიაზე და პედი პიმბლეტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლივერპულელს „ელ მატადორთან“ შანსი უბრალოდ არ აქვს.
„აშკარაა, რომ თოფურიამ და პედიმ რომ იჩხუბონ, ილია მას უამრავ საშინელებას დამართებს. პიმბლეტი თოფურიას წინ რომ დააყენონ, ილიამ შეიძლება, მოკლას. თუ გინდათ, რომ პედიმ კარიერა რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს, თოფურიასთან აჩხუბეთ. უსამართლო ბრძოლა იქნება. კარგ ჩხუბსაც ვერ ვიხილავთ და თოფურია მას გაანადგურებს“.
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა ბოლოს ჯარედ გორდონის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა, რამაც MMA-ის ქომაგთა შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პიმბლეტის ფანების გარდა, ფაქტობრივად ყველამ ჩათვალა, რომ ბრიტანელი დამარცხდა და მსაჯების გადაწყვეტილება რეალობასთან ახლოსაც არ ყოფილა. ამაზე კომენტარი თოფურიამაც გააკეთა და განაცხადა, რომ პიმბლეტს საშობაო საჩუქარი გაუკეთეს.
ცნობისთვის, UFC 282-ის ეგიდით გასამართი ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე პიმბლეტისა და თოფურიას დაპირისპირება ვიხილეთ. ლივერპულელმა „ელ მატადორს“ „ხელის სადეზინფექციო ხსნარი“ და „ესპანური სოსისი“ უწოდა, რის შემდეგაც ილია მასზე გაიწია, თუმცა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეაჩერეს.