„მინდოდა, პატივისცემა გამომეხატა“ - ვეგჰორსტმა მესისთან ინციდენტზე ისაუბრა
ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელმა, ვაუტ ვეგჰორსტმა მსოფლიო ჩემპიონატზე, არგენტინასთან გამართულ მატჩზე ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, შეხვედრის შემდეგ, ვეგჰორსტსა და ლიონელ მესის შორის დაპირისპირება მოხდა და „ლა პულგამ“ მას „იდიოტი“ უწოდა. ნიდერლანდელი სწორედ საფინალო სასტვენის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ინტერვიუ De Telegraaf-ს მისცა.
„ყოველთვის ვცდილობ, რომ მაქსიმუმი გავიღო და მეოთხედფინალშიც იგივე გავაკეთე. მესის წინააღმდეგ ვიბრძოლე და ჩვენ შორის რამდენიმე მომენტი იყო. ვფიქრობ, მას ეს არ მოეწონა და უფრო მეტიც, ამან გააოცა, თუმცა ლეოს უდიდეს პატივს ვცემ და ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
მატჩის შემდეგ, მინდოდა, მისდამი ჩემი პატივისცემა გამომეხატა, მაგრამ მესიმ ეს არ მოისურვა. ალბათ, ჩემზე ისევ გაბრაზებული იყო. რას ვიზამთ, დიდ კომპლიმენტად ჩავთვლი, რომ ჩემი სახელი იცის. ეს ნიშნავს, რომ რაღაც სწორად გავაკეთე“.
შეგახსენებთ, რომ არგენტინამ ნიდერლანდებს თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია და მატჩის შემდეგ, „ალბისელესტეს“ ფეხბურთელებმა „ნარინჯისფრების“ მთავარი მწვრთნელის, ლუის ვან გაალის სათამაშო სტილი გააკრიტიკეს.