თორნიკე შენგელია: „ევრობასკეტის გამოტოვება ჩემთვის დიდი დარტყმა იყო“
„ვირტუს ბოლონიას“ ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ესპანურ გამოცემას, noticiasdealava-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. შენგელიას გუნდი ევროლიგის მომდევნო შეხვედრას „ბასკონიას“ წინააღმდეგ გამართავს და თოკომ ყოფილ კლუბზე, ევრობასკეტზე და „ვირტუს ბოლონიაზე“ ისაუბრა.
ვირტუს ბოლონიაზე
„ჩემი იტალიური თავგადასავალი ერთი მხრივ კარგად და მეორე მხრივ, არც თუ ისე კარგად მიდის. ბედნიერი ვარ, რადგან კლუბი და ქალაქი ძალიან მომწონს, თანაგუნდელებთან და მთავარ მწვრთნელთან, სერჯო სკარიოლოსთან კი თავს კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა ტრავმების გამო, დიდი დრო გამიცდა და იმედგაცრუებული ვარ. ნელ-ნელა ჩემს ტემპს ვიბრუნებ და ახლა გუნდის დასახმარებლად უკეთეს მდგომარეობაში ვარ“.
ტრავმებზე და ევრობასკეტზე
„მხრის ტრავმა, რომლის გამოც, ევრობასკეტზე ვერ ვითამაშე, აღარ მაწუხებს. ბოლოს კოჭი დავიზიანე, რამდენიმე კვირა გამიცდა და ბოლო თამაშებში 100 პროცენტით მზად არ ვიყავი, თუმცა ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. ევრობასკეტის გამოტოვება ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. ამ ტურნირისთვის 4 წელი ვემზადებოდით და ეს პროცესი მაშინ დავიწყეთ, როცა გავიგეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი მასპინძელი იქნებოდა. ევრობასკეტის გამოტოვება დიდი დარტყმა იყო და ახლაც იმედგაცრუებული ვარ, ჩემს გუნდს რომ ვერ დავეხმარე“.
შეგახსენებთ, რომ შენგელიას „ვირტუს ბოლონიას“ 6 მოგება და 8 წაგება აქვს. ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროლიგის ეგიდით მორიგ შეხვედრას 22 დეკემბერს გამართავს და „ბასკონიას“ სტუმრად დაუპირისპირდება.