ლაშა ტალახაძე
Aa
Aa

3 ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია

კოლუმბიის ქალაქ ბოგოტაში, ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის დასკვნით დღეს, ფიცარნაგზე +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენები ვიხილეთ და მათ შორის ქართველი ლაშა ტალახაძეც იყო. ლაშამ მორიგ წარმატებას მიაღწია და 3 ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ტალახაძემ პირველი მოძრაობა, ატაცი 208 კილოგრამით გახსნა, მეორე მისვლაზე კი 215 დასძლია. ლაშას ბოლოს 220 კილოგრამი ჰქონდა შეკვეთილი, რომელიც ვერ დაიმორჩილა, თუმცა 215 კილოგრამი ატაცში ოქროს მედლის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ლაშამ აკვრაში პირველ მისვლაზე 245 კილოგრამი შეუკვეთა, რომელიც რთულად დასძლია, მაგრამ ორმა მსაჯმა აწევა არ ჩაუთვალა. მეორე ჯერზე ლაშამ იგივე წონა დააფიქსირა და ამჯერად, მისი მისვლა წარმატებული გამოდგა. მესამე შემთხვევაში ლაშამ 251 კილოგრამი შეუკვეთა, რომელიც დასძლია და ამ მოძრაობაში ოქროს მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ცნობისთვის, ორჭიდის ჯამში, მეორე ადგილი გორ მინასიანმა დაიკავა - 462 კგ, მესამეზე კი ვარაზდატ ლალაიანი გავიდა - 461 კგ. ლალაიანი ატაცში ვერცხლისმედალოსანი გახდა, ხოლო აკვრაში ბრინჯაო მოიგო. მინასიანს რაც შეეხება, იგი ატაცში ბრინჯაოს დასჯერდა, აკვრაში კი ვერცხლს.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია და საქართველოს ნაკრების მონაგარი 5 მედლამდე გაზარდა. გუშინ, ჩვენს ნაკრებს პირველი მედლები გიორგი ჩხეიძემ მოუპოვა და 2 ვერცხლს დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები