ევრობასკეტი, ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრები, საფრანგეთის კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

სრული დომინაცია საფრანგეთთან - ესპანეთი Eurobasket 2022-ის გამარჯვებულია

ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრები Eurobasket 2022-ის გამარჯვებულია. სერჟიო სკარიოლოს გუნდი ფინალურ მატჩში „ბერლინ არენაზე“ საფრანგეთის ნაკრებს შეხვდა და აბსოლუტური დომინაციით, 12 ქულის სხვაობით 88:76 გაიმარჯვა.

შეხვედრა თავიდანვე ისე დაიწყო, ბევრს ეგონებოდა, რომ მატჩის ბედი უკვე ესპანელთა სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი. სკარიოლოს კალათბურთელები მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ და საგულისხმოა, რომ ლიდერის სტატუსი საერთოდ არ დაუკარგავთ. შესაბამისად, ფურია როხამ დამსახურებული ჩემპიონობაც იზეიმა.

მთავარი და ყველაზე მნიშნელოვანი, რაც ესპანელმა კალათბურთელებმა შეძლეს, თამაშიდან რუდი გობერის გამოთიშვაა. ფრანგების ლიდერმა მოედანზე 27:24 წუთი გაატარა, თუმცა საკუთარი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე დაბალშედეგიანი იყო. საბოლოოდ, 28 წლის კალათბურთელმა შეხვედრა 6 ქულით, 6 მოხსნით, 1 ასისტით და 2 ბლოკით დაასრულა. ვინსენტ კოლენის გუნდიდან საუკეთესო ევან ფურნიე იყო, რომელმაც 32:44 წუთში 23 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, ტრადიციულად გამორჩეული მატჩი ჩაატარეს ძმებმა ერნანგომესებმა. ვილის ანგარიშზე 22:48 წუთში 14 ქულა და 8 მოხსნა იყო, ხუანჩომ კი 26:12 წუთში 27 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა, რითაც მატჩის საუკეთესო კალათბურთელიც გახდა.

ასევე, გამორჩეული იყო ლორენცო ბრაუნიც, რომელმაც 14 ქულით და 11 ასისტით ორმაგი დუბლი შეასრულა.

ესპანელებმა ისტორიის განმავლობაში ევროპის ჩემპიონობა მეოთხედ იზეიმეს. აქამდე, ფურია როხამ ტურნირზე ოქროს მედლის მოპოვება 2009, 2011 და 2015 წლებში შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები