ევრობასკეტი, საბერძნეთის კალათბურთელთა ნაკრები, ჩეხეთის კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

იანისის 27 ქულა და ორმაგი დუბლი - საბერძნეთი 1/4 ფინალშია

Eurobasket 2022-ზე 1/8 ფინალური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. „ბერლინი არენაზე“ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, საბერძნეთის ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 6 ქულის სხვაობით - 94:88 დაამარცხა.

იმის მიუხედავად, რომ ბერძნები წყვილში აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდნენ, ჩეხეთის ნაკრებმა მეტოქეს ნამდვილი ბრძოლა გაუმართა და დასკვნითი მეოთხედის სტარტზე 4 ქულის სხვაობითაც იგებდა.

თუმცა, თავის მხრივ უნდა ითქვას, რომ მე-4 მეოთხედი ბერძნებმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარეს და ჩეხეთის ნაკრებს შანსი არ დაუტოვა. საგულისხმოა, რომ დანარჩენი სამი მეოთხედი ჩეხებმა არ წააგეს, პირველი და მესამე მეოთხედები ფრედ დასრულდა (20:20 და 22:22), მეორე მეოთხედი კი ჩეხეთის გამარჯვებით - 21:25. თამაშის დასვკნითი ნაწილი კი ბერძნებმა 10 ქულის სხვაობით - 31:21 მოიგეს, რამაც მათ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

კვლავ გამორჩეული მატჩი ჩაატარა იანის ანტეტოკუნმპომ, რომელმაც მოედანზე გატარებულ 33:44 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა: 27 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ბლოკი. დიმიტრიოს იტოუდისის გუნდიდან გამორჩეული იყო ნიკ კალატესიც, რომელმაც 28:34 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 6 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

ჩეხეთის ნაკრებიდან კი იან ვესელი გამოირჩა, რომელმაც 32:31 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა და 1 ასისტი მოაგროვა. უნდა აღინიშნოს ტომას სატორანსკის თამაშიც, რომელმაც მართალია ქულების მხრივ დიდი ვერაფერი შემოგვთავაზა (3 ქულა), თუმცა შედეგიანი გადაცემების რაოდენობით ტურნირზე ამ დროისთვის საუკეთესო შედეგი აჩვენა - 17 პასი 32:25 წუთში.

შესაბამისად, საბერძნეთის ნაკრები ¼ ფინალში ითამაშებს, მეტოქე კი მასპინძელი გერმანია იქნება. შეხვედრა 13 სექტემბერს, საქართველოს დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Eurobasket: მარკანენის 43 ქულა ხორვატიასთან - ფინეთი 1/4 ფინალშია
Eurobasket: მარკანენის 43 ქულა ხორვატიასთან - ფინეთი 1/4 ფინალშია