მწვრთნელის ასისტენტი: “სამმა ქართველმა უსაფრთხოების ყველა ნორმა დაარღვია“
Aa
Aa

მწვრთნელის ასისტენტი: “სამმა ქართველმა უსაფრთხოების ყველა ნორმა დაარღვია“

ევრობასკეტის მესამე ტურში საქართველომ თურქეთს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში, ორი ოვერტაიმის შემდეგ 88:83 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის მიმდინარეობისას, დუდა სანაძესა და კორკმაზს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც, როგორც ჩანს გასახდელისკენ მიმავალ გზაზე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ასევე, შეხვედრის მიმდინარეობისას, არასპორტული საქციელის გამო, მსაჯმა პარკეტიდან თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გააძევა. მატჩის დასრულების შემდეგ კი, ჩვენი დღევანდელი მოწინააღმდეგე ნაკრების მწვრთნელის ასისტენტმა კომენტარი გააკეთა და ინციდენტს გამოეხმაურა:

„მატჩის დროს კალათბურთელებს შორის რაღაც მოხდა და ეს პარკეტზე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ გასახდელში მიმავალ გზაზე სამმა ქართველმა კალათბურთელმა უსაფრთხოების ყველა ნორმა დაარღვია. ასეთი საქციელი მიუღებელია. ერთი თურქი კალათბურთელის წინააღმდეგ 3 ქართველი წავიდა! თამაშის დროს ასეთ სიტუაციებში შესაძლოა რაიმე არგუმენტი გქონდეს, მაგრამ სტადიონის გარეთ ასეთი ქცევა არაფერში წერია და დიდ იმედგაცრუებას იწვევს.

სად იყო პოლიცია? სად იყო დაცვა? ჩვენ აქ კალათბურთის სათამაშოდ ვართ. ეს ადგილი იმიტომ ავირჩიეთ, რომ აქაურობას „ძმების ქალაქი“ ჰქვია. რაც მოხდა ეს მიუღებელია. ერთ კალათბურთელს სამმა შეუტია. ვიმეორებ, ეს მიუღებელია. როდესაც პარკეტზე გაუგებრობა წარმოიშვა, 22 წამი დრო არ გაჩერდა. ამის გამო ვიჩივლებთ. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს გამარჯვებას ვულოცავ.“

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევრობასკეტზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. მომავალ მატჩს, საქართველო ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 6 სექტემბრით თარიღდება და 21:00-დან აიღებს სტარტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები