LIVE - ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე
Aa
Aa

LIVE - ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

დღეს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა იხურება და კლუბებს შემადგენლობის გასაძლიერებლად საათებიღა რჩებათ. უცხოურ პრესაში შესაძლო ტრანსფერების შესახებ აქტიურად იწერება და Crystalsport-ის გუნდი ყველაზე საინტერესო სიახლეებს მთელი დღის განმავლობაში LIVE რეჟიმში შემოგთავაზებთ.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო 48 საათში „ბარსელონამ“ ორივე განაპირა მცველის სერჟინიო დესტისა და ჟორდი ალბას გაშვება შეძლო.

ესპანელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო, რომელიც „ბარსას“ ტრანსფერებში ყველაზე სანდო წყაროა წერს, რომ დესტი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს, ხოლო ალბა „ინტერში“.

რაც შეეხება დეტალებს, 33 წლის ალბა „ინტერში“ 1-წლიანი იჯარით გადავა. მისი ხელფასის 60%-ს „ბარსა“ გადაიხდის, 40%-ს კი მილანელები.

თავად ფეხბურთელს ჯერ თანხმობა არ განუცხადებია, თუმცა კლუბებმა ყველა დეტალი შეათანხმეს და ისიც ცნობილია, რომ ჩავი ალბას ნდობას აღარ უცხადებს, რაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ ძალიან მცირე სათამაშო პრაქტიკას გულისხმობს.

სეჟინიო დესტი კი „ინტერის“ მოსისხლე მტრის „მილანის“ ბანაკში მიდის. 21 წლის ამერიკელი მარჯვენა მცველი ასევე 1-წლიანი იჯარით „როსონერის“ შეუერთდება, სეზონის ბოლოს კი იტალიელებს 20 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.

თუ „როსონერი“ ამ ვარიანტს გაააქტიურებს, ფეხბურთელი უკვე შეთანხმებული კონტრაქტის შესაბამისად გუნდში 2027 წლამდე დარჩენას შეძლებს.

21 წლის მცველი დილით მილანში გაფრინდება, რათა საჭირო დოკუმენტებს ხელი მოაწეროს. ტრანსფერი მალე დადასტურდება.

როგორც ცნობილია, „ბარსელონა“ მათ ნაცვლად მარკოს ალონსოსა და ჰექტორ ბელერინის დამატებას გეგმავს.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, შესაძლოა „ვალენსიამ“ ხამეს როდრიგესი გაიფორმოს.

კარლოს სოლერი მალე პსჟ-ს ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება და „ღამურებს“ ცენტრში ახალი შუახაზელი სჭირდებათ.

ესპანური As-ის ცნობით, „მესტალიას“ ბინადრებმა კოლუმბიელის გაფორმება გადაწყვიტეს და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში მოლაპარაკებების წამოწყებას გეგმავენ.

„ვალენსიადან, რომ დამირეკონ, ყატარიდან ფეხითაც ჩავიდოდი. ხელფასსაც დავიკლებდი. თუ გუნდს კავანის დასახმარებლად ვინმე დასჭირდება, მზად ვარ. ეს დიდებული კლუბია, დიდებული ქომაგებით. ჯერ არაფრი ვიცი, კიდევ დღენახევარი რჩება. ვნახოთ რა მოხდება“.

- ამბობს ხამესი „ღამურების“ ინტერესის შესახებ.

წყაროს ცნობით, მიუხედავად ორივე მხარის სურვილისა, ტრანსფერი მაინც რთული განსახორციელები იქნება, რადგან დრო საკმაოდ მცირეა.

შეგახსენებთ, რომ ხამესისთვის ლა ლიგა ნაცნობი ჩემპიონატია. კოლუმბიელი 2014-17 წლებში მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა.

ვალენსია ვარაუდობს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, გიორგი მამარდაშვილის თაობაზე წინადადებას მიიღებს და კლუბი იხრება იმისკენ, რომ შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადოს.

ვესლი ფოფანა ჩელსის ფეხბურთელია.

სამშაბათს, ჩელსის ნეიმარის გაფორმება შესთავაზეს. არისტოკრატების მფლობელები მზად არიან, გუნდის გასაძლიერებლად ყველაფერი გააკეთონ და შესაძლოა, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, ხმაურიანი ტრანსფერი ვიხილოთ. ამ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

ფაბრიციო ბიასინის ინფორმაციით, გუშინ, პსჟ-მ ინტერს მილან შკრინიარის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო შესთავაზა. ნერაძურიმ პარიზული გრანდი უარით გაისტუმრა.

ვულვზმა საშა კალაჯიჩი გაიფორმა.

ბარსელონაში გადასვლის სანაცვლოდ, მარკოს ალონსო ხელფასს მკვეთრად შეიმცირებს. იგი კატალონიაში დღეს ჩაფრინდება.

სერჟინიო დესტი ვილიარეალის წინადადებას განიხილავს.

გალათასარაი მაურო იკარდის გადაბირებასთან ერთ ნაბიჯშია.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, კშიშტოფ პიონტეკი და სალერნიტანა თანამშრომლობის დაწყებასთან ახლოს არიან.

The Athletic: „დიდი შანსია, კრიშტიანუ იძულებული გახდეს, ოლდ ტრაფორდზე დარჩეს. მანჩესტერის ქომაგთათვის კარგი ისაა, რომ ბოლო დღეებში მისი დამოკიდებულება პოზიტიურად შეიცვალა“.

ბრიტანელი ჟურნალისტის, პიტ ორურკის ინფორმაციით, ლესტერმა იური ტილემანსის თაობაზე შეთავაზება მიიღო. კლუბის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ საუბარი არსენალზეა.

მანჩესტერ იუნაიტედმა ბარსელონასთან მოლაპარაკებები დაიწყო. წითელ ეშმაკებს დესტის იჯარის წესით გადაბირება სურთ. 

ჩელსისა და ტოტენჰემს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დიდი შანსია, დეზებმა ჰაკიმ ზიეჩი გაიფორმონ.

მეცის სპორტულმა დირექტორმა, პიერე დრეოსიმ განაცხადა, რომ გიორგი მიქაუტაძე ამ სეზონში კლუბს არ დატოვებს. სხვადასხვა დროს, ქართველს ლეჩეს, გალათასარაის და ბარნლის უკავშირებდნენ.

Times-ის ცნობით, პარი სენ-ჟერმენი ნგოლო კანტეს აკვირდება და შესაძლოა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ჩელსის წინადადება გაუკეთოს.

პარი სენ-ჟერმენი კარლოს სოლერის სანაცვლოდ 21 მილიონ ევროს გადაიხდის.

მარიო ბალოტელი ადანა დემირსპორს ტოვებს და კარიერას შვეიცარიული კლუბის, სიონის რიგებში გააგრძელებს.

ლივერპულმა შესაძლოა, ასტონ ვილას ფეხბურთელის, დუგლას ლუისის შეძენა სცადოს. მისით ატლეტიკოც ინტერესდება და 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის.

ლევერკუზენსა და ინტერს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გერმანელებმა ნერაძურის წინადადებითაც მიმართეს. მათ რობინ გოსენსის იჯარის წესით გაფორმება უნდათ.

პსვ-ს გარემარბით, კოდი გაკპოთი ევერტონი და ლიდსი ინტერესდებიან. მათ გარდა, მოვლენების განვითარებას არსენალიც აკვირდება.

მანჩესტერ იუნაიტედის რადარზე სერჟინიო დესტი მოექცა. ამ უკანასკნელმა ოლდ ტრაფორდზე გადასვლაზე თავდაპირველად უარი განაცხადა, თუმცა ბოლო საათებში მისი პოზიცია შეიცვალა და ტრანსფერს აქტიურად განიხილავს.

ფრანგული პრესის ცნობით, იდრისა გეიე ბრიტანეთში დღეს ჩაფრინდება და ევერტონთან კონტრაქტს ხელს მოაწერს.

მანჩესტერ სიტი დორტმუნდის უკანახაზელის, მანუელ აკანჯის გაფორმებასთან ერთ ნაბიჯშია.

ჩელსი ფრენკი დე იონგს დაუკავშირდა და ხელფასის სახით, ყოველწლიურად 18 მილიონი ევრო შესთავაზა. ამ ინფორმაციას ხერარდ რომერო ავრცელებს.

Fichajes.net-ის ცნობით, დიდი შანსია, ბარსელონამ სიტის ოფიციალური წინადადებით მიმართოს და ბერნარდუ სილვას გადაბირება სცადოს. თუ ასე მოხდა, ქალაქელები პარი სენ-ჟერმენს დაუკავშირდებიან და მარკო ვერატის შეძენას შეეცდებიან.

იუვენტუსი ლეანდრო პარედესის იჯარით გადაყვანას უახლოვდება. სამედიცინო შემოწმება დღეს დილით უნდა გაიმართოს და პარალელურად, გარიგებისთვის საჭირო დოკუმენტებიც გაფორმდება.

ვესლი ფოფანა ჩელსის ფეხბურთელია. ბრიტანული და ფრანგული გამოცემების ცნობით, ფოფანამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და არისტოკრატები მის ტრანსფერს დღეს გამოაცხადებენ.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი შესაძლოა, ჩელსიში მაინც გადავიდეს. ფაბრიციო რომანოს მიხედვით, დღეს, კლუბებს შორის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ბევრი რამ გადაწყდება. ობამეიანგის გარდა, მხარეები მარკოს ალონსოს ტრანსფერსაც განიხილავენ.

კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შანსები მიზერულია. Telegraph-ის ინფორმაციით, პორტუგალიელს მსურველი უბრალოდ არ ჰყავს და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ოლდ ტრაფორდზე დარჩება.

მსგავსი სიახლეები