ცუდი მეორე ტაიმი და 87 ქულა პოლონეთისგან - საქართველოს მორიგი მარცხი
Aa
Aa

ცუდი მეორე ტაიმი და 87 ქულა პოლონეთისგან - საქართველოს მორიგი მარცხი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა „აკროპოლის თასზე“ ბოლო შეხვედრა გამართა. დღეს, თბილისის დროით, 19:00-ზე, ილიას ზუროსის გუნდი პოლონეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, სასურველი შედეგი ვერც ამჯერად დააფიქსირა.

მატჩის სტარტი პოლონელების იყო და ისინი 13:8 დაწინაურდნენ, თუმცა პირველი მეოთხედის დარჩენილი ნაწილი უკეთ ქართველებმა ჩაატარეს. ილიას ზუროსის გუნდი 12:0 გაიქცა და ანგარიში 20:13 გახადა, თუმცა საწყისი ათწუთეული მხოლოდ 1 ქულით მოიგო - 23:22.

მეორე პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, 18:18 დასრულდა და ზუროსის ბიჭები შესვენებაზე 1-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. წინა მატჩების მსგავსად, მესამე მეოთხედი ამჯერადაც ცუდად ჩავატარეთ. პოლონეთის ნაკრებმა მეორე ნახევარი 17-ქულიანი გაქცევით გახსნა - 22:5, საწყის 5 წუთში პარკეტიდან მხოლოდ 1 ბურთი ჩაგვაგდებინა და გადამწყვეტ მეოთხედს 8-ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდა. მეოთხე ათწუთეულში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენის 4 ქულამდე დაყვანა შეძლო, თუმცა ეს ჩვენი მაქსიმუმი აღმოჩნდა და საბოლოოდ, 76:87 დავმარცხდით.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 27 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მის გარდა, 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ რატი ანდრონიკაშვილმა გადალახა - 10 ქულა, 1 ჩაჭრა, 1 მოხსნა. კვლავინდებურად პრობლემატურია შორეული სროლები და პოლონეთთან 29-დან მხოლოდ 8 სამქულიანი ჩავაგდეთ. აქედან 4 შენგელიასა და ბურჯანაძის ანგარიშზეა, დანარჩენებმა კი 23-დან მხოლოდ 4 შორეული სროლა გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ნაკრები მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს გამართავს. ილიას ზუროსის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს და საკუთარ კედლებში ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბმა წონა დააფიქსირა - ალდომ ქომაგები ცოტა ანერვიულა
მერაბმა წონა დააფიქსირა - ალდომ ქომაგები ცოტა ანერვიულა