ნაპოლი, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

„არაფრის მეშინია, ფეხბურთელების შესაძლებლობები კარგად ვიცი“ - სპალეტი ახალ სეზონზე

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს ახალი სეზონში პირველ შეხვედრას 15 აგვისტოს, სტუმრად „ვერონას“ წინააღმდეგ გამართავს.

ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ გუშინ სეზონისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოსამზადებელ ეტაპზე და მომავალ სეზონში კლუბის მიზნებზე ისაუბრა.

იტალიელი სპეციალისტი ახალწვეულების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მათ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ახალ ფეხბურთელებზე დიდ იმედებს ამყარებს.

კრისტალსპორტი ლუჩიანო სპალეტის პრესკონფერენციას სრულად შემოგთავაზებთ:

წინ დიდი გეგმები გვაქვს, დარწმუნებული ვარ გულშემატკივრები „ნაპოლის“ კიდევ უფრო მეტად შეიყვარებენ.

გასულ სეზონში, როდესაც აქ მოვედი დე ლაურენტისს შევხვდი. მასთან საუბრის შემდეგ შევთანხმდით, რომ ეს წელი გუნდისთვის გარდამავალი იქნებოდა. წინა წლის მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება, კარგი თამაში და გუნდში საშუალო ასაკის შემცირება იყო. დღეისთვის ამ ყველაფერს მივაღწიეთ და ეს ნამდვილად კარგი დასაწყისია.

ხალხი საუბრობს იმაზე, რომ კლუბმა დაკარგა ფეხბურთელები, რომლებიც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში გუნდისთვის მნიშვნელოვნები იყვნენ. მაგრამ ჩვენ მოვიყვანეთ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომელთაც ძალიან დიდი მომავალი აქვთ. არცერთი გარემოება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ახალი სეზონის მაქსიმალურად მომზადებულები უნდა შევხვდეთ.

ნაპოლიში ახლა ახალი ერა იწყება და ამ დროს გუნდის მწვრთნელობა დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვიღებ. ეს დიდ მოტივაციას მაძლევს. მაგრამ, ამავდროულად ცხადია, რომ გულშემატკივრებისთვის ახლა რაიმე დიდი მიზნის შეთავაზება არ შემიძლია. ერთი რამ ცხადია - ყოველთვის მაღალი მიზნები უნდა გვქონდეს.

სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილი პერიოდი:

კლუბი და მე ერთსა და იმავე მხარეს ვართ. ვიცით, რომ დარჩენილი ორი კვირის განმავლობაში სამუშაო კიდევ გვაქვს, მაგრამ მანამდე უნდა ვითამაშოთ და ქულები ავიღოთ. ზოგადად, ასეთ დროს, ტრანსფერების თვალსაზრისით ყველაფერი ნელა და დაკვირვებით მიმდინარეობს. სწორი გარიგებების განხორციელებას დრო სჭირდება.

ნაპოლის ახალი ერა და მისი როლი:

ასეთ დროს აქ ყოფნა მსიამოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ კლუბში ყველამ ერთმანეთს შევუწყოთ ხელი და გასახდელში სწორი დინამიკა უნდა აღვადგინოთ. როცა ისეთ გამოცდილ მოთამაშეებს კარგავ, როგორიც ინსინიე და მერტენსია, ახალი გუნდური სულისკვეთება გჭირდება. პირადად მე არაფრის მეშინია. ვიცი, რომ მაღალი ხარისხის ფეხბურთელები მყავს. ბევრი მათგანი აქ გასულ სეზონშიც იყო და ისინი თავის შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ გამოავლენენ. ასევე, გვყავს ახალგაზრდები, რომლებსაც პროგრესისთვის გარკვეული დრო დასჭირდებათ, რადგან ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე და შიდა ჩემპიონატში საუკეთესო კლუბების წინააღმდეგ ვთამაშობთ.

ჯოვანი სიმეონეზე:

სიმეონე არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა და მასაც, კარიერის ამ ეტაპზე სწორედ ასეთი კლუბი სჭირდება. გასულ სეზონში, მან პენალტების გარეშე 17 გოლი გაიტანა, რაც დიდი მიღწევაა.

პირველი ტურის მატჩი ვერონას წინააღმდეგ:

ვერონა ყოველთვის, ყველასთვის რთული მეტოქე იყო, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ იქ მარტივად მოვიგებთ, მაშინ ფეხბურთის არაფერი ესმის. ვერონას დიდი პრობლემების შექმნა შეუძლია და ნამდვილად მძიმე შეხვედრას ველით.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ვერონას“ შეხვედრა 15 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯადოქრობა მოედანზე“ - ნაპოლი კვარაცხელიას ვიდეოს აქვეყნებს
„ჯადოქრობა მოედანზე“ - ნაპოლი კვარაცხელიას ვიდეოს აქვეყნებს