ილიას ზუროსი
Aa
Aa

ზუროსი: „შესანიშნავი გაკვეთილი მივიღეთ, ისრაელს დაუჯერებელი მატჩი ჰქონდა“

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ისრაელთან გამართულ ამხანაგურ მატჩზე ისაუბრა. ბერძენმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მის გუნდს დაცვაში მოსამატებელი აქვს და ისრაელისგან კარგი გაკვეთილი მიიღო.

„პირველ რიგში, ისრაელის ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. მათ საოცრად ითამაშეს და ვიტყოდი, რომ დაუჯერებელი მატჩი ჰქონდათ. ეს შეხვედრა ჩვენთვის შესანიშნავი გაკვეთილი იყო. შესანიშნავი, რადგან ეს გაკვეთილი ძალიან ადრე მივიღეთ და სამუშაოდ და ჩვენი თამაშის გასაუმჯობესებლად საკმარისი დრო გვაქვს. ეს ნორმალურია, თუმცა დაცვაში უკეთ უნდა ვითამაშოთ. ამას პირველივე დღიდან ვამბობ და თუ დაცვა არ ვითამაშეთ, მოგების შანსი არც ერთ მატჩში არ გვექნება. დაცვა ევრობასკეტისა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში გამარჯვებებს მოგვაპოვებინებს და აუცილებელია, უკეთ გამოვიყურებოდეთ.

მატჩი 13 პერსონალური ჯარიმით დავასრულეთ, ბოლო მეოთხედში კი მხოლოდ ერთხელ დავჯარიმდით, რაც მიუღებელია. თუ დაცვის თამაში გვინდა, ჯარიმები უნდა ავიღოთ. მეორე მხრივ, მჯერა, შეტევაში მოვუმატებთ და ჩვენს რიტმს ვიპოვით. სანდრო ჩვენთან მოკლე პერიოდია, რაც იმყოფება და კარგად გამოიყურება, თუმცა უნდა ვისწავლოთ, მასთან ერთად როგორ ვითამაშოთ. როგორც ვთქვი, ეს მოსამზადებელი შეხვედრაა, პრობლემების გადაჭრის გზებს ვიპოვით და მზად ვიქნებით, როცა საჭირო იქნება, რომ მზად ვიყოთ. გოგას რაც შეეხება, მასზე ვერ ვილაპარაკებთ და იმ კალათბურთელებზე უნდა ვისაუბროთ, რომლებიც ამჟამად აქ იმყოფებიან. მადლობა, ქომაგებს, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას დაესწრნენ. მათი მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს და მნიშვნელოვანი არა კარგ მომენტებში, არამედ ცუდ პერიოდში მიღებული თანადგომაა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 96:104 დამარცხდა და ფაქტობრივად მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში იყო.

ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფრანგეთის ლიგა 1-ში დავითაშვილის ტრანსფერი ჩაიშალა
საფრანგეთის ლიგა 1-ში დავითაშვილის ტრანსფერი ჩაიშალა