სკანდალი არგენტინაში - მატჩის შემდეგ ვერონი მსაჯებს დაუპირისპირდა
არგენტინული კლუბის, „ესტუდიანტეს ლა პლატას“ ვიცე-პრეზიდენტი, ხუან სებასტიან ვერონი სკანდალში გაეხვია. კოპა ლიბერტადორესის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის შემდეგ, ვერონი გასახდელში ჩავიდა და მსაჯებს დაუპირისპირდა.
არგენტინული პრესის ინფორმაციით, მან არბიტრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა და საქმე იქამდე მივიდა, რომ სამართალდამცველებს მისი შეკავება მოუწიათ. CONMEBOL-მა მომხდარზე გამოძიება დაიწყო და მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვერონს საკადრისად დასჯიან.
როგორც ირკვევა, ვერონის გაღიზიანება მსაჯის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. შეხვედრის 63-ე წუთზე, „ესტუდიანტესმა“ ანგარიში გახსნა, მაგრამ რეფერიმ მომენტი VAR-ზე გადაამოწმა და რამდენიმე წუთიანი შემოწმების შემდეგ, გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.
სხვათა შორის, მატჩის შემდეგ, ვერონმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „კონმებოლი იმას აკეთებს, რასაც სულ აკეთებდა. სულერთია, ამას როდის წაიკითხავთ“. ცნობისთვის, „ესტუდიანტესი“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. არგენტინელებმა გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე მიიღეს.