ბარიერი 1/2 ფინალამდე - ის, რაც მეტოქეზე უნდა ვიცოდეთ...
საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორედ თამაშობს. მან 2013 წლის ტურნირზე ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლო, ამჯერად კი საამისოდ რეალური შანსი აქვს - გიორგი ყიფიანის ბიჭები ჩეხეთთან გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ითამაშებენ.
განვმარტოთ, რომ პატარა "ჯვაროსნებს" მხოლოდ მოგება სჭირდებათ, რადგან ამ წუთისათვის მათ და ჩეხებს თანაბარი 3-3 ქულა აქვთ და ფრე ხელს ჩვენ მოწინააღმდეგეს აძლევს. ტურნირის წესდების მიხედვით, უპირატესობა ბურთების შეფარდებას ენიჭება, ხოლო თუ ის თანაბარია - მეტ გატანილ ბურთს. საქართველოს ბურთების შეფარდება 2:2-თან აქვს, ხოლო ჩეხეთს 3:3-თან.
ჩეხეთის 19 წლამდელთა ნაკრები ევროპირველობაზე მეექვსედ ასპარეზობს. მას საუკეთესო მაჩვენებელი 2011 წელს ჰქონდა, როცა ფინალამდე გააღწია და იქ ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.
ჩეხებმა საკვალიფიკაციო რაუნდში ესტონეთს 5:0, ხოლო სლოვენიას 2:1 მოუგეს, საფრანგეთთან კი 0:2 დამარცხდნენ, საბოლოოდ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და ელიტ-რაუნდში გავიდნენ.
მათ ელიტ-რაუნდი ბრწყინვალედ ჩაატარეს და სამივე თამაში მოიგეს - უნგრეთთან 2:1, შოტლანდიასთან 1:0 და ავსტრიასთან 3:0.
საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოყოლებული სლავების საუკეთესო ბომბარდირები დანიელ ტურინა და ონდრეი შაშინკა არიან, რომელთა აქტივშიც 3-3 გოლია.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის დაწყებამდე ჩეხთა თავკაცმა იან სუხოპარეკმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ჩვენი მიზანი ფინალურ ეტაპზე თამაში იყო, რასაც მივაღწიეთ კიდეც.
ჩემი აზრით, ასეთ ტურნირებზე ფავორიტი არ არსებობს. პორტუგალია და შვედეთი ძალიან გამოცდილი გუნდებია, თუმცა ამ მხრივ მათ არც ჩვენ ჩამოვრჩებით.
მნიშვნელოვანია, რომ აკლიმატიზაცია მარტივად გავიაროთ. ასეთ შემთხვევაში ტურნირის საუკეთესო გუნდი ვიქნებით". - თქვა 47 წლის სუხოპარეკმა, რომელსაც საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი პრაღის "სლავიაში" აქვს გატარებული, ხოლო ჩეხთა ეროვნული ნაკრების ღირსებას 1994-2000 წლებში იცავდა და მისი მაისურით 48-ჯერ აქვს ნათამაშები.
საქართველოსა და ჩეხეთის 19 წლამდელთა შეხვედრა, 8 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და 20:00 საათზე დაიწყება.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-სა და სტადიონის სალაროებშია შესაძლებელი.
მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ