აინტრახტი, მადრიდის რეალი, სუპერთასი
Aa
Aa
11 აგვისტო 2022  |  00:57

ისტორიაში მეხუთედ - მადრიდის რეალი უეფას სუპერთასის გამარჯვებულია

უეფას სუპერ თასის მატჩში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გამარჯვებული, მადრიდის „რეალი“ და ევროპა ლიგის ტრიუმფატორი, ფრანკფურტის „აინტრახტი“ დაუპირისპირდნენ

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულმა შეხვედრამ „სამეფო კლუბის“ აბსოლუტური უპირატესობით ჩაიარა საბოლოოდ ანჩელოტის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ფრანკფურტელები სათამაშო უპირატესობას საწყის 15 წუთში დაეუფლნენ და ღირებული მომენტებიც სწორედ ამ დროის განმავლობაში შეძლეს, თუმცა ტიბო კურტუამ რამდენიმე დასამახსოვრებელი სეივი შემოგვთავაზა. მატჩის დარჩენილი დრო კი თავიდან ბოლომდე მადრიდელთა კარნახით წარიმართა.

„რეალმა“ ანგარიში  37 წუთზე გახსნა. კუთხურიდან კროოსის მიერ ჩაწოდებულ ბურთს საჯარიმოში ჯერ ბენზემა გამოეხმაურა, შემდეგ ბურთი კაზემიროს მიუვიდა, რომელმაც მეკარის საჯარიმოში ალაბა მოძებნა და ამ უკანასკნელს ცარიელ კარში გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

მეორე ნახევარში „სამეფო კლუბის“ უპირატესობა უფრო დიდი გახდა და მადრიდელებს მეტოქის კარში არაერთი გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მხოლოდ ერთი გოლით დაკმაყოფილდნენ. 65-ე წუთზე კარიმ ბენზემამ ვინისიუსის გადაცემა ზუსტად გამოიყენა და სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.

საბოლოოდ, „რეალმა“ შეხვედრა 2:0 მოიგო და ისტორიის განმავლობაში სუპერთასის ჩემპიონობა მეხუთედ იზეიმა (2002, 2014, 2016, 2017 და ახლა უკვე 2022 წლებში.)

რეალი 2:0 აინტრახტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები