საქართველო უნგრეთთან 7 ქულით დამარცხდა - გაჩეჩილაძემ 14 მოხსნა შეასრულა
B დივიზიონში საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები უნგრეთთან 60:67 დამარცხდა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა, რომლის მიზანი ელიტაში აღზევება იყო, ამოცანა ვერ შეასრულა და ამ ეტაპზე B დივიზიონში მე-15 ადგილისთვის იბრძოლებს.
უნგრეთთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მხრიდან საუკეთესო ლუკა კუჭუხიძე იყო, რომელმაც 13 ქულა ჩააგდო და 5 მოხსნა შეასრულა. ანდრია მუჯირმა 10 ქულა ჩააგდო. ქართველთა მხრიდან მოხსნებში საუკეთესო ვატო გაჩეჩილაძე იყო, მან 7 ქულის გარდა 14 მოხსნა შეასრულა, მათგან 5 მეტოქის ფარზე.
შეხვედრები რუმინეთის ქალაქ პლოიეშტიში იმართება.
ტურნირის სტარტზე საქართველო ჯგუფს ლიდერობდა, თუმცა ნიდერლანდებთან დასანანი მარცხის შემდეგ ლიდერობა დაკარგა, ელიტაში აღზევებისთვის ბრძოლას გამოეთიშა, შემდეგ კი უკრაინასთან და უნგრეთთან დამარცხდა.