მარცხი უნგრეთთან - საქართველოს ნაკრებმა 1 ქულით წააგო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უნგრეთში იმყოფება და დღეს ამხანაგური შეხვედრა გამართა, რომელშიც უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ილიას ზუროსის გუნდმა სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა და 88:89 წააგო.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. უნგრელები პერიმეტრზე და მეტოქის ფარზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ და პირველი მეოთხედი 31:24 მოიგეს. მეორე პერიოდში მათი უპირატესობა 10 ქულამდე გაიზარდა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა გაქცევა მოაწყო და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა.
უნგრელებმა ინიციატივა მე-3 პერიოდში დაიბრუნეს და ორნიშნა უპირატესობა ისევ მოიპოვეს, თუმცა გადამწყვეტ ათწუთეულს მხოლოდ 7-ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდნენ. ბოლო მეოთხედში საქართველო გაიქცა და საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე, წონასწორობა აღადგინა. გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, რომელიც უკეთ მასპინძლებმა ჩაატარეს და 89:88 იმარჯვეს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები უნგრეთში 16 კალათბურთელით ჩამოვიდა. გუნდს აკლია ტრავმირებული გოგა ბითაძე, რომელიც ამერიკაში იმყოფება და სანდრო მამუკელაშვილი. სანდროს პირადი, ოჯახური მიზეზების გამო თბილისში გამგზავრება მოუხდა და ეროვნულ გუნდს 7 აგვისტოს, უნგრეთიდან დაბრუნების შემდეგ შეუერთდება. დღევანდელ მატჩში ჩვენს ნაკრებს ვერ დაეხმარა მიხეილ ბერიშვილი, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებს. ილიას ზუროსის განკარგულებაში მთლიანობაში 15 კალათბურთელი იყო: გიორგი ცინცაძე, ლუკა მაზიაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, თად მაკფადენი, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური.