ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„საქართველოს საოცარი მთები აქვს, ეს აუცილებლად უნდა ნახოთ“ - ხვიჩას ინტერვიუ ნაპოლისთან

„ნაპოლის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას 5-წუთიანი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც „კვარა“ „ნაპოლის, საქართველოსა და თავისი კარიერის შესახებ საუბრობს.

მე ვარ საქართველოდან. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. ბავშვობაში ყოველთვის სტადიონზე ვთამაშობდი და ფეხბურთი ძალიან მიყვარს.

თამაში 8 წლის ასაკიდან დავიწყე და 9-10 წლის ასაკში ყოველთვის ფეხბურთზე ვფიქრობდი. ფეხბურთი ჩემთვის ყოველთვის ყველაზეფერზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო.

მამაჩემიც ფეხბურთელი იყო, ის აზერბაიჯანში თამაშობდა. ის კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მე იმის გამო არ ვთამაშობ ფეხბურთს, რომ ისიც ფეხბურთელი იყო. ის არასდროს მეუბნებოდა წადი, ივარჯიშეო. მე მინდოდა და ამის გამო ვთამაშობ.

დასვენების დღეებს ყოველთვის საქართველოში, ოჯახთან ერთად ვატარებ. ორი ძმა მყავს - ერთი უფროსი, მეორე უმცროსი. პატარა ძმა 12 წლისაა და ძალიან კარგად თამაშობს და მაღალ დონეზე შეუძლია თამაში. როდესაც საქართველოსი ვიმყოფები, ჩემი დრო მთლიანად ჩემს ოჯახს და მეგობრებს ეკუთვნის. ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

ხშირად დავდივარ მთებში,ზღვაც მიყვარს, მაგრამ ძირითადად მთაში დავდივარ. საქართველოში ძალიან კარგი მთები გვაქვს, იქაც ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მივდივარ. თავს ძალიან კარგად ვგრძობ, რადგან საოცარი ადგილებია. ეს აუცილებლად უნდა ნახოთ.

რამდენიმე სახეობას ვთამაშობ - კალათბურთს, ჩოგბურთს, მაგრამ ფეხბურთი მიყვარს. მე არ ვმუშაობ ფეხბურთისთვის, მე მიყვარს და ამით ვცხოვრობ.

ზოგჯერ მეგობრებთან ერთად კალათბურთს ვთამაშობ, რადგან ძალიან მომწონს. გოლდენ სტეიტის გულშემატკივარი ვარ და სტეფ კარი ძალიან მომწონს.

კარიერა საქართველოში დავიწყე და დიდი პერიოდი დინამო თბილისის აკადემიაში ვიყავი, შემდეგ კი პირველ გუნდში ვითამაშე. შემდეგ რუსთავში წავედი, შემდეგ რუსეთში, მოსკოვის ლოკომოტივში, მოსკოვიდან ყაზანის რუბინში წავედი, ამის შემდეგ საქართველოში, ბათუმის დინამოში დავბრუნდი, ახლა კი აქ ვარ, ნაპოლიში.

როდესაც საქართველოში ვიყავი, ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ ნეაპოლი ძალიან ლამაზი ქალაქი იყო. იტალიაში აქამდე არ ვარ ნამყოფი, აქ პირველად ვარ და აღფრთოვანებული ვარ, ნეაპოლი დაუჯერებელი ქალაქია, ძალიან ლამაზი ქალაქია. ხალხიც ძალიან მომწონს, რადგან ფეხბურთი უყვართ. როდესაც ტაქსით ვმგზავრობდი, ყველას ნაპოლის დროშა ჰქონდა და ეს შესანიშნავი იყო, რადგან მათ ფეხბურთი ძალიან უყვართ.

აქ იმიტომ მოვედი, რომ მინდა მქონდეს დიდი ემოციები, მინდა მოვიგო დიდი ტიტულები. ამ კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ. შეიძლება, ახლაც შევძლოთ დიდი ტიტულების მოგება.

ნაკრების შეკრებაზე ვიყავი, როდესაც ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ იტალიაში, უნდა წასულიყო და მოლაპარაკებები ნაპოლისთან უნდა გაემართა. ამით აღფრთოვანებული ვიყავი. ორი წლის განმავლობაში აგენტთან ერთად ვლაპარაკობდით - ნაპოლი, ნაპოლი ნაპოლი... ნაპოლი ძალიან დიდი კლუბია და აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ.

ვიცი, რომ ნაპოლის კარგი პიცა აქვს, მაგრამ ჯერჯერობით არ დამიგემოვნებია. თუმცა, ვიცი, რომ აქ მარადონა თამაშობდა და ეს შესანიშნავია.

გამარჯობა მეგობრებო, მე აქ ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ და ეს დიდი პატივია, რადგან ნაპოლი მსოფლიოში უდიდესი გუნდია და მეგობრებო, თქვენც საოცრება ხართ, ამიტომ თქვენთვის და კლუბისთვის ბოლომდე დავიხარხები, E forza Napoli, Sempre!

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლუჩიანო სპალეტის გუნდი იტალიის სერია A-ს ახალ სეზონს 15 აგვისტოს, „ვერონასთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები