პრემიერ ლიგა
Aa
Aa

პრემიერ ლიგა მომავალი სეზონიდან VAR-ის აუდიო ჩანაწერის გავრცელებას გეგმავს

ინგლისის პრემიერ ლიგა ახალი ინოვაციური პროექტისთვის ემზადება. ბრიტანული სააგენტო The Times-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ლიგის ხელმძღვანელები აპირებენ, რომ მთავარ მსაჯსა და VAR-ის მსაჯს შორის საუბარი გულშემატკივრებს მოასმენინონ.

გამოცემის ცნობით, პრემიერ ლიგის ხელმძღვანელების სურვილია, რომ ახალი ინოვაციის განხორციელება მომდევნო სეზონიდან იყოს შესაძლებელი. მათი მიზანია, რომ მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფეხბურთის ქომაგებისთვის მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამომწურავი იყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ მთავარ არბიტრსა და VAR-ის მსაჯს შორის შემდგარი საუბარი შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საუბარი გულშემატკივარმა თამაშის მიმდინარეობის დროსაც გაიგოს.

„ამ საკითხზე ზოგადი მოსაზრება არსებობს. მსაჯების საუბრის გამოქვეყნება, ან ლაივ-რეჟიმში გადაცემა კარგი იდეაა. პრემიერ ლიგაში სურვილი აქვთ, რომ გულშემატკივრებისთვის, მსაჯების გადაწყვეტილებები გამჭვირვალე იყოს. ამისთვის, სამუშაო ძალიან ბევრი გვექნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს რატომ და როგორც მიიღო არბიტრმა ესა თუ ის გადაწყვეტილება“, - ამბობს ინგლისის ლიგის აღმასრულებელი დირექტორი, რიჩარდ მასტერსი The Times-თან.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ინოვაციას არ იზიარებს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო. იმის მიუხედავად, რომ VAR-ის დანერგვის დღიდან, ამ საკითხზე არაერთხელ ყოფილა საუბარი, FIFA-ში ამ პროექტის განხორციელებას აუცილებლად არ მიიჩნევენ.

FIFA-ს პოზიციის მიუხედავად, ევროპული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატები ამ სისტემის დანერგვას აუცილებლად მიიჩნევენ. პრემიერ ლიგის გარდა, ამ საკითხზე ესპანეთის ლა ლიგაც მუშაობს. ესპანეთის ჩემპიონატის წარმომადგენლებმა გასულ სეზონში ერთ-ერთი თამაშიდან მსაჯების საუბრის აუდიო ჩანაწერი გაავრცელეს და ამან გულშემატკივრების სიმპათიაც დაიმსახურა.

ცნობისთვის, FIFA-ს წინააღმდეგობის მიუხედავად, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ის საფეხბურთო ჩემპიონატში და ასევე კოპა ლიბერტადორესში დღემდე აქტიურად გამოიყენებენ VAR-აუდიო სისტემას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მცველების ცხოვრებას გაართულებს“ - ვან დეიკი ჰოლანდს აქებს
„მცველების ცხოვრებას გაართულებს“ - ვან დეიკი ჰოლანდს აქებს