გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„კარგი ვარიანტი ლორისის შესაცვლელად“ – Spurs Web-ი მამარდაშვილზე წერს

ბრიტანული სპორტული ვებგვერდი, Spurs-web.com-ი „ვალენსიას“ ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე წერს და „ტოტენჰემის“ ქომაგებს მის მიერ გაკეთებულ კომენტარს უზიარებს. ახლახან, „მამარდამ“ Plaza Deportiva-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ „ტოტენჰემისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესის მიუხედავად, „ვალენსიაში“ ბედნიერია და ადგილსამყოფლის გამოცვლას არ აპირებს.

Spurs-web-მა სწორედ ამაზე დაწერა და მკითხველს ქართველ ფეხბურთელზე საკუთარი მოსაზრებაც შესთავაზა: „ვვარაუდობთ, რომ მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში უგო ლორისი ტოტენჰემის ნომერ პირველი მეკარე იქნება, მაგრამ დიდი ალბათობით, ფაბიო პარატიჩი ეძებს გოლკიპერს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ფრანგს ჩაანაცვლებს.

დეზებისთვის მამარდაშვილის კანდიდატურა მიმზიდველი ვარიანტი იქნებოდა. იგი მეკარისთვის ძალიან ახალგაზრდაა და როგორც ბურთების მოგერიება, ისე ფეხით თამაში შესანიშნავად გამოსდის. ვალენსიას ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტოტენჰემმა შესაძლოა, იფიქროს, რომ ამ ზაფხულს, 21 წლის მოთამაშის იაფად შეძენას შეძლებს. არ გაგვიკვირდება, რომ ტოტენჰემმა ახალგაზრდა ფეხბურთელი გაიფორმოს და გაანათხოვროს“.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"კაპელოს შეფასება გასათვალისწინებელია" - LIVERPOOL.COM კვარაცხელიაზე წერს